პატრიარქის ქადაგება სვეტიცხოვლის ტაძრის დღესასწაულზე
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სვეტიცხოვლობის დღეს მორწმუნეებს მოციქულთა გზის გაგრძელების, ქრისტეს სიყვარულისა და მოყვასის მსახურებისკენ მოუწოდა.
სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში, თორმეტი მოციქულის ხსენების დღესა და სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ სადღესასწაულო ქადაგება წარმოთქვა.
პატრიარქმა ისაუბრა მოციქულთა ღვაწლის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე, ეკლესიის ერთგულების აუცილებლობასა და იმ სულიერ გზაზე, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში ქართველი ერის არსებობა და გადარჩენა განაპირობა.
ქადაგების დასაწყისში შიო III-მ მორწმუნეებს სვეტიცხოვლობა და თორმეტი მოციქულის ხსენების დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ სვეტიცხოველი სწორედ მოციქულთა სახელზეა აგებული ტაძარია.
პატრიარქმა აღნიშნა, რომ ქრისტიანები ხშირად სათანადოდ ვერ აფასებენ მოციქულთა ღვაწლს, მაშინ როდესაც სწორედ მათმა ქადაგებამ დაუდო საფუძველი ეკლესიას და განსაზღვრა საქართველოს მომავალი.
„ჩვენ ხშირად ვერ ვაცნობიერებთ, რაოდენ მადლობელი უნდა ვიყოთ მოციქულების. მათი პიროვნებები, მათი ღვაწლი ხომ საფუძველია ჩვენი ეკლესიისა. შეიძლება ითქვას, დღეს ჩვენი ერი რომ არსებობს და ცოცხლობს, ეს მათი ღვაწლის, მათი ქადაგების დამსახურებაა, რადგან ქრისტიანობის მიღებამ და შემდგომ მართლმადიდებელი ეკლესიის ერთგულებამ განაპირობა ჩვენი ერის გადარჩენა როგორც ფიზიკურად, ასევე სულიერად. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეკლესიის ერთგულება და მოციქულთა გზის გაგრძელება არის საწინდარი ჩვენი შემდგომი გადარჩენისა და განვითარებისა“, – განაცხადა შიო III-მ.
პატრიარქმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმ მნიშვნელოვან იუბილეზე, რომელსაც საქართველო წელს აღნიშნავს – ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავზე. მისი თქმით, ეს ისტორიული თარიღი მოციქულთა ქადაგებისა და წმინდა ნინოს მოციქულთასწორი ღვაწლის შედეგია.
ქადაგებისას შიო III-მ აღნიშნა, რომ ქართველ ხალხს ბედნიერება ხვდა წილად, ყოფილიყო არა მხოლოდ მოციქულთა სულიერი მემკვიდრე, არამედ თანამედროვე ეპოქაშიც ჰყოლოდა ისეთი გამორჩეული სულიერი წინამძღოლი, როგორიც იყო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II.
„მოხარულნი ვართ, რომ დღეს, ჩვენს ეპოქაშიც, ჩვენს უახლეს ისტორიაში არიან ასეთი მოღვაწეები და მოვესწარით ასეთ ადამიანებს. ერთ-ერთი უპირველესი დღეს მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიაში გახლავთ ჩვენი აწ განსვენებული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. ბედნიერნი ვართ, რომ მოვესწარით მის ღვაწლს და ვართ მისი მემკვიდრეები, ასევე, როგორც მოგახსენეთ, მოციქულთა მემკვიდრეებიც ვართ, პირველ რიგში“, – აღნიშნა პატრიარქმა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მორწმუნეებს მოუწოდა, საკუთარ თავებს ჰკითხონ, რამდენად მზად არიან, გააგრძელონ მოციქულთა გზა და ქრისტესთვის იმავე ერთგულებით იღვაწონ, როგორც ეს პირველმა მოციქულებმა შეძლეს.
ქადაგებაში შიო III-მ გაიხსენა წმინდა პავლე მოციქულის სიტყვები – „მობაძავ ჩემდა იქმნენით, როგორც მე ქრისტესი“ – და აღნიშნა, რომ მოციქულებმა თავიანთი მსახურება სიცოცხლის ფასად აღასრულეს, თუმცა ვერავითარმა განსაცდელმა ვერ დააშორა ისინი ქრისტეს სიყვარულს.
პატრიარქის თქმით, ადამიანები ხშირად მზად არიან, მიწიერი წარმატების მისაღწევად მრავალი განსაცდელი აიტანონ, მაშინ როდესაც სულის გადარჩენის საქმეში სიზარმაცეს, უზრუნველობასა და უმადურობას ავლენენ.
„რა გამართლება გვექნება ასეთი საქციელისთვის, მაშინ, როცა ვხედავთ, რომ ამდენი სიკეთე მივიღეთ ღმერთისგან – ჩვენმა ქვეყანამაც, ჩვენმა ოჯახებმაც, პირადად ჩვენც და დღესაც ვიღებთ უამრავ სიკეთეს“, – განაცხადა შიო III-მ.
ქადაგების მნიშვნელოვანი ნაწილი ქრისტეს სიყვარულსა და მოყვასისადმი დამოკიდებულებას შეეხებოდა. პატრიარქმა განმარტა, რომ უფლის ჭეშმარიტი სიყვარული მხოლოდ მაშინ არის სრულყოფილი, როდესაც იგი მოყვასის სიყვარულში, თანაგრძნობასა და გულმოწყალებაში ვლინდება.
„როდესაც ადამიანის წინაშე არის გლახაკი, გაჭირვებული, ღარიბი, მთხოვნელი, ის არ ხედავს მასში მხოლოდ გაჭირვებულს, არამედ ხედავს უფალ იესო ქრისტეს, რომელმაც დაგვპირდა, რომ ამ გლახაკისთვის გაკეთებული სიკეთე ქრისტესთვის გაკეთებულ სიკეთედ ჩაითვლება. ამიტომ ქრისტიანი სიყვარულითა და დიდი მონდომებით აღასრულებს გულმოწყალებას“, – აღნიშნა პატრიარქმა.
შიო III-მ ასევე ისაუბრა სიყვარულის ძალაზე, როგორც ადამიანის სულის უმთავრეს სამკურნალო საშუალებაზე. მან მაგალითად წმინდა პავლე მოციქულის ცხოვრება მოიყვანა, რომელმაც ეკლესიის მდევნელიდან ქრისტიანობის ერთ-ერთ უდიდეს მქადაგებლად გარდაიქმნა, და აღნიშნა, რომ ამგვარი სულიერი ცვლილება ყველა ადამიანისთვის შესაძლებელია, თუ იგი ქრისტეს გზის ერთგული დარჩება.
ქადაგების დასასრულს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მორწმუნეებს კიდევ ერთხელ მიულოცა სვეტიცხოვლობა და თორმეტი მოციქულის ხსენების დღე, უსურვა მათ მოციქულთა მადლი და ლოცვა, ხოლო სრულიად საქართველოსთვის ილოცა.
„მოციქულთა ლოცვით, ღმერთმა დაიფაროს, გააძლიეროს, გაამთლიანოს და გადაარჩინოს სრულიად საქართველო. ამინ!“ – განაცხადა შიო III-მ.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მცხეთაში სვეტიცხოვლის ტაძარში უწმინდესისა და უნეტარესის შიო III-ის დასახვედრად ემზადებიან.