გიორგი მთაწმინდელის გალობის უნივერსიტეტის გუნდი ფინეთში ფესტივალზე წარდგება
სტუდენტები ფესტივალზე ქართულ საგალობლებსა და ხალხურ სიმღერებს შეასრულებენ, ამ დროისთვის კი მონაწილეობისათვის აქტიურ რეპეტიციებს გადიან.
გიორგი მთაწმინდელის გალობის უნივერსიტეტის გუნდი ფინეთში, კაუსტინენის ფოლკლორული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. ამ დროისთვის გუნდი ინტენსიურად ემზადება საერთაშორისო ღონისძიებისთვის და აქტიურ რეპეტიციებს გადის.
კაუსტინენის ფოლკლორული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი 1968 წლიდან იმართება და მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფოლკლორულ ფორუმად მიიჩნევა. ყოველწლიურად ფესტივალი სხვადასხვა ქვეყნის შემსრულებლებს, მკვლევრებსა და ფოლკლორის მოყვარულებს მასპინძლობს, რაც კულტურათა გაცვლისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელოვან შესაძლებლობას ქმნის.
ფესტივალის ფარგლებში გიორგი მთაწმინდელის გალობის უნივერსიტეტის სტუდენტები ქართველ კომპოზიტორთა საგალობლებსა და ქართულ ტრადიციულ ხალხურ სიმღერებს შეასრულებენ. გარდა საკონცერტო პროგრამისა, ისინი მონაწილეობას მიიღებენ სემინარებში, შემოქმედებით კოლაბორაციებსა და სხვა პროფესიულ აქტივობებში.
უნივერსიტეტის გუნდის მონაწილეობა კაუსტინენის საერთაშორისო ფესტივალში ქართული მუსიკალური და საგალობელი ტრადიციის საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე წარდგენის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, სამების სამრევლო სკოლის კონცერტი პატრიარქ ილია II-ისა და ლია სალაყაიას ხსოვნას მიეძღვნა.