მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია დღეს წმიდა მოწამე მეფე არჩილსა და წმიდა მოწამე მეფე ლუარსაბს მოიხსენებს
ორივე ქართველმა მეფემ ქრისტიანული სარწმუნოებისა და სამშობლოს ერთგულებისთვის მოწამებრივი აღსასრული დაითმინა, რის გამოც საქართველოს ეკლესიამ მათი ხსენება ერთ დღეს დააწესა.
მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია 4 ივლისს წმიდა მოწამე მეფე არჩილისა და წმიდა მოწამე მეფე ლუარსაბის ხსენების დღეს აღნიშნავს. ეს ორი ქართველი მეფე სხვადასხვა ეპოქაში ცხოვრობდა, თუმცა მათ საერთო ღვაწლი აერთიანებთ – ურყევი ერთგულება ქრისტიანული სარწმუნოების, ეკლესიისა და სამშობლოს მიმართ.
წმიდა მოწამე მეფე არჩილი VIII საუკუნეში საქართველოს ერთიანობისა და ქვეყნის აღორძინებისთვის იღვწოდა. არაბთა სარდალ ჭიჭუმ-ასიმის მოთხოვნას, დაეტოვებინა ქრისტიანობა და მიეღო ისლამი, მტკიცე უარით უპასუხა. არც სიმდიდრის, არც ძალაუფლებისა და არც სიცოცხლის შენარჩუნების დაპირებამ ვერ შეარყია მისი რწმენა. 744 წელს იგი ქრისტეს აღსარებისთვის მოწამებრივად აღესრულა.
წმიდა მოწამე მეფე ლუარსაბ II XVII საუკუნეში სპარსეთის შაჰ აბას I-ის ტყვეობაში აღმოჩნდა. შვიდი წლის განმავლობაში მას აიძულებდნენ უარი ეთქვა ქრისტეზე და მაჰმადიანობა მიეღო, თუმცა ქართველმა მეფემ რწმენა ბოლომდე დაიცვა. საბოლოოდ, 1622 წელს, შაჰის ბრძანებით, იგი მოწამებრივად მოკლეს.
საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმიდა არჩილისა და წმიდა ლუარსაბის ხსენება ერთ დღეს დააწესა, რადგან ორივე მეფემ საკუთარი სიცოცხლე ქრისტიანული სარწმუნოებისა და სამშობლოს დაცვისთვის გაიღო. მათი ცხოვრება დღემდე რწმენის, სიმტკიცისა და სამშობლოს სიყვარულის ერთ-ერთ გამორჩეულ მაგალითად მიიჩნევა.
ადრე მართლმადეიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ 26 ივნისს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ანთიმოზ ივერიელს მოიხსენიებს.