30 წლის მონაზონი ლეონიდე ერთიან ეროვნულ გამოცდებზე: „გალობის უნივერსიტეტში ჩასაბარებლად მოვედი“
ერისკაცობაში ლილე ფირცხელანი ამბობს, რომ მთავარი მიზანი გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელებაა.
თელავის საგამოცდო ცენტრიდან გავრცელებულ ფოტოამბავს EDU.ARIS.GE აქვეყნებს. გამოცდებზე ერთ-ერთი აბიტურიენტი 30 წლის მონაზონი ლეონიდეა, ერისკაცობაში ლილე ფირცხელანი, რომელიც ერთიან ეროვნულ გამოცდებს გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტში ჩასარიცხად აბარებს.
როგორც მონაზონმა გამოცემასთან საუბრისას აღნიშნა, მონასტერში ცხოვრების გამო სკოლის დასრულების შემდეგ საგანმანათლებლო სისტემასთან აქტიური შეხება არ ჰქონია, თუმცა გამოცდაზე საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმუმის გაკეთებას ცდილობდა.
„მე ვაბარებ გალობის უნივერსიტეტში, რომელიც გიორგი მთაწმინდელის სახელობის გახლავთ და ამიტომ გავედი ეროვნულ გამოცდებზე. მონასტერში ცხოვრებიდან გამომდინარე, სკოლის დამთავრების შემდეგ დიდი შეხება არ მქონია საგანმანათლებლო სისტემასთან. დიდ ქულაზე ამბიცია არ მაქვს, ვიცი, რომ ჩემი ქართულის ცოდნით ბარიერს გადავლახავ.
საკუთარ თავს ყოველთვის კრიტიკულად ვუდგები. თემის წერა ვერ დავამთავრე, რადგან დროში ვერ ვეტეოდი. დინჯი ადამიანი ვარ და დიდი ხანი ვუნდები ხოლმე ყველაფერს. რაც ვიცოდი, რომ უნდა გამეკეთებინა, ყველაფერი გავაკეთე“, – განაცხადა მონაზონმა ლეონიდემ EDU.ARIS.GE-სთან.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ ეროვნული გამოცდების დაწყებამდე აბიტურიენტები დალოცა.