პარიზში არქიმანდრიტ ანტონ (კანდელაკს) ემოციური გამოსამშვიდობებელი საღამო მიუძღვნეს
27 ივნისს საფრანგეთში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტებმა მრავალწლიანი მისიონერული და საზოგადოებრივი მოღვაწეობისთვის მამა ანტონ კანდელაკს მადლობა გადაუხადეს, 28 ივნისს კი დასავლეთ ევროპის ეპარქიის სასულიერო პირებმა ერთობლივი ღვთისმსახურება აღავლინეს.
27 ივნისს, პარიზში, დასავლეთ ევროპის ეპარქიის სასულიერო პირისა და მრავალწლიანი მისიონერის, არქიმანდრიტი ანტონის (კანდელაკი) პატივსაცემად გამოსამშვიდობებელი საღამო გაიმართა. ღონისძიება განსაკუთრებული ემოციებით წარიმართა და მას საფრანგეთის სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები, ქართული სათვისტომოების წარმომადგენლები და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წევრები დაესწრნენ.
საღამოზე სიტყვით გამოვიდა დეკანოზი სპირიდონ გრიგოლაშვილი, რომელმაც არქიმანდრიტ ანტონის მრავალწლიანი ღვაწლი გაიხსენა და აღნიშნა, რომ მისი საქმიანობა დროთა განმავლობაში კიდევ უფრო თვალსაჩინო ხდება.
„თქვენ ღირსეულად იტვირთეთ მისიონერის ჯვარი და მრავალი წლის განმავლობაში დაუღალავად ემსახურეთ ღმერთს, ეკლესიასა და ქართველ ემიგრანტებს. თქვენი თაოსნობით დაარსდა 14 ქართული სამრევლო, მათ შორის წმინდა მთავარანგელოზთა სახელობის სამრევლო ქალაქ რენში, რომელიც ბრეტონეთში მცხოვრები ქართველებისთვის ნამდვილ სულიერ სახლად იქცა,“ – აღნიშნა დეკანოზმა სპირიდონ გრიგოლაშვილმა.
ღონისძიებას, რომელსაც ცრემლი და ღიმილი ერთდროულად ახლდა, ესწრებოდნენ ქალაქ რენის ქართული სამრევლოს წევრები, ასევე ასოციაციები – „ქართულ-ფრანგული ერთობა“, „პატარა საქართველო“ და „მსოფლიო ხალხები“.
28 ივნისს კი დასავლეთ ევროპის ეპარქიაში მოღვაწე სასულიერო პირებმა ერთობლივი საღმრთო ლიტურგია აღავლინეს, რის შემდეგაც სადღესასწაულო ტრაპეზი გაიმართა.
როგორც სამრევლოს განცხადებაშია აღნიშნული, არქიმანდრიტი ანტონი წლების განმავლობაში სიყვარულითა და მამობრივი მზრუნველობით ედგა გვერდით თითოეულ ქართველ ემიგრანტს, ვინც სამშობლოსთან, ქართულ ეკლესიასთან, ტრადიციებსა და ეროვნულ იდენტობასთან კავშირის შენარჩუნებას ცდილობდა.
მეუფე აბრაამის კურთხევითა და მამა ანტონის მხარდაჭერით დასავლეთ ევროპის ეპარქიაში მნიშვნელოვნად გაფართოვდა საკვირაო სკოლების ქსელი, განვითარდა ქართული ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები, იმართებოდა ეროვნული და კულტურული ღონისძიებები, ხოლო ქართველი სპორტსმენები მუდმივად გრძნობდნენ ეკლესიისა და თანამემამულეების მხარდაჭერას.
ამავე ცნობით, სწორედ ამ მრავალწლიანი თავდადებული მსახურების შედეგად ქართული საეკლესიო ცხოვრება დღემდე აქტიურად გრძელდება. რეგიონში მსახურობს დეკანოზი სპირიდონ გრიგოლაშვილი, ხოლო ადგილობრივი მრევლი ქართულ ენაზე აგრძელებს ღვთის დიდებას.
წმინდა თამარ მეფის სახელობის ტაძრის სამრევლომ არქიმანდრიტ ანტონ კანდელაკს მადლობა გადაუხადა წლების განმავლობაში გაწეული მსახურებისთვის, ლოცვისთვის, თანადგომისა და ქართველი ემიგრანტების სულიერი განმტკიცებისთვის და უსურვა ჯანმრთელობა, სიმტკიცე და ღვთის შეწევნა მომავალ საქმიანობაში.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რენეში ქართულ-ფრანგული ასოციაცია „ერთობის“ ორგანიზებით ქართული ფოლკლორის საღამო გაიმართა.