ჩრდილოეთ ამერიკის ქართული ეპარქია ეპისკოპოს საბას დაბადებისა და ეპისკოპოსად ქიროტონიის დღეს ულოცავს
ეპარქიის სამღვდელოებამ, სამონაზვნო დასმა და მორწმუნეებმა მეუფე საბას ჯანმრთელობა, სულიერი სიმტკიცე და ნაყოფიერი არქიპასტორალური მსახურება უსურვეს.
ჩრდილოეთ ამერიკის ქართული ეპარქიის სამღვდელოებამ, სამონაზვნო დასმა და მორწმუნე ერმა ერთობლივი მილოცვა გაუგზავნეს ეპარქიის მმართველს, ყოვლადუსამღვდელოეს ეპისკოპოს საბას, დაბადებისა და ეპისკოპოსად ქიროტონიის დღესთან დაკავშირებით.
მილოცვის ტექსტში აღნიშნულია, რომ ქიროტონიის წმინდა საიდუმლოში მეუფე საბაზე გარდამოსულმა საღმრთო მადლმა განამტკიცა მისი მოწოდება ქრისტეს ეკლესიის მსახურებაში და დაადგინა იგი იმ სამწყსოს მწყემსად, რომელიც უფალმა მას თავისი ვენახის მსახურებისთვის მიანდო.
ეპარქიის წარმომადგენლები ხაზს უსვამენ, რომ მღვდელმთავრული მსახურება არა მხოლოდ დიდი პატივია, არამედ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა და ჯვარია, რომელსაც მეუფე საბა მამობრივი სიყვარულით, თავდადებითა და ერთგულებით ატარებს.
მილოცვაში ჩრდილოეთ ამერიკის ქართული ეპარქიის სისავსე მადლობას სწირავს ყოვლადწმიდა სამებას მეუფე საბას მოწოდებისა და მრავალწლიანი მსახურებისთვის და ლოცულობს, რათა უფალმა მას სოლომონის სიბრძნე, მოციქულთა სიმტკიცე, წმინდა მამათა თავმდაბლობა და ქრისტესმიერი სიყვარული მიმადლოს.
მილოცვის დასასრულს ეპარქიის სამღვდელოება, სამონაზვნო დასი და მორწმუნე ერი ეპისკოპოს საბას ჯანმრთელობას, მშვიდობას, სულიერ ძალასა და მრავალწლოვან ნაყოფიერ არქიპასტორალურ მსახურებას უსურვებენ.
„მრავალჟამიერ თქვენი არქიპასტორალური მსახურება!“ – ნათქვამია მილოცვაში.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი ადრე წერდა, რომ პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძეს დაბადების დღე მიულოცეს