ბერი ანდრიას სახელობის ფონდი მოქალაქეებს აფრთხილებს — ფონდის სახელით შემოწირულობების შეგროვება არ მიმდინარეობს
ფონდის ხელმძღვანელობა და მოძღვარი, იღუმენი ნაზარი (ბასილაია), მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ და აცხადებენ, რომ უცნობი პირები ფონდის სახელით უკანონოდ აგროვებენ თანხებს.
ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდი განცხადებას ავრცელებს და საზოგადოებას აფრთხილებს იმ პირების შესახებ, რომლებიც ფონდის სახელით სხვადასხვა ლოკაციაზე მოქალაქეებისგან შემოწირულობებს აგროვებენ.
ფონდის ინფორმაციით, მსგავსი შემთხვევები ბოლო პერიოდში არაერთხელ დაფიქსირდა, ძირითადად თბილისში, თუმცა რამდენიმე დღის წინ მსგავსი ფაქტი ზუგდიდშიც გამოვლინდა. გავრცელებული ინფორმაციით, უცნობი პირები მოქალაქეებს მძიმე დაავადებების მქონე ბავშვების დახმარების მოტივით მიმართავენ, იყენებენ ფონდის ბენეფიციარების ფოტომასალას და აცხადებენ, რომ მოქმედებენ ფონდის ადმინისტრაციის დავალებით.
როგორც ფონდის განცხადებაშია აღნიშნული, ზუგდიდში ერთ-ერთ ოჯახში მისულმა პირმა ბერი ანდრიას სახელობის ფონდის სახელით ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად შემოწირულობა მოითხოვა. ამ პროცესში გამოყენებული იყო ფონდის მოძღვრისა და ფონდის მზრუნველობის ქვეშ მყოფი ბავშვების ფოტოსურათებიც.
ფონდი სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ არასოდეს განუხორციელებია და არც მომავალში გეგმავს შემოწირულობების შეგროვებას მსგავსი მეთოდებით. ორგანიზაციის განმარტებით, მისი საქმიანობა ეფუძნება გამჭვირვალობის, ნდობისა და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების პრინციპებს.
ფონდის დამფუძნებლები ნესტორ მილორავა და თინათინ ჩხვიმიანი, ფონდის ადმინისტრაცია და ფონდის მოძღვარი, იღუმენი ნაზარი (ბასილაია), ერთმნიშვნელოვნად ემიჯნებიან და გმობენ ნებისმიერ ქმედებას, რომელიც საზოგადოების ნდობის ბოროტად გამოყენებასა და ქველმოქმედების იდეის დაზიანებას ისახავს მიზნად.
ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდი მოქალაქეებს მოუწოდებს, განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდონ მსგავს შემთხვევებს და ნებისმიერი საეჭვო ფაქტის შესახებ ფონდის ადმინისტრაციას აცნობონ.
მჟკ წერდა, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბში მასშტაბური უფასო სამედიცინო აქცია გაიმართება.