პატრიარქმა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე მიიღო
საპატრიარქო რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაზე სააგენტოს საქმიანობა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული რელიგიური უფლებების დარღვევები განიხილეს.
4 ივნისს, საპატრიარქო რეზიდენციაში, უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე მიიღო.
შეხვედრის დასაწყისში ზაზა ვაშაყმაძემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს აღსაყდრება მიულოცა და წარმატება უსურვა საპატრიარქო მსახურებაში.
სააგენტოს თავმჯდომარემ პატრიარქს გააცნო რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობა, ძირითადი ამოცანები და განხორციელებული პროექტები. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ოკუპირებულ ტერიტორიებზე რელიგიის თავისუფლების მიმართულებით არსებულ გამოწვევებს.
ზაზა ვაშაყმაძის განცხადებით, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კვლავ მწვავედ დგას ადამიანის ფუნდამენტური უფლებების, მათ შორის, რელიგიისა და რწმენის თავისუფლების დარღვევის საკითხი. საუბარი შეეხო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ არსებულ შეზღუდვებს, ღვთისმსახურების განხორციელების ხელის შეშლის ფაქტებს, ასევე, ოკუპირებულ რეგიონებში არსებული საკულტო ნაგებობების ხელყოფასა და ქართული კულტურული იდენტობის წაშლის მცდელობებს.
შეხვედრა ურთიერთთანამშრომლობისა და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობის ფორმატში გაიმართა.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ლომისობის შესახებ დეტალური მსჯელობა.