ზუგდიდში სულთმოფენობის დღესასწაული საზეიმო ლიტურგიით აღინიშნა
მიტროპოლიტმა გერასიმემ ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო ღვთისმსახურება აღავლინა და ეპარქიის ქომაგები დააჯილდოვა.
სულთმოფენობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო საღმრთო ჟამისწირვა აღავლინა.
ლიტურგიის დასრულების შემდეგ, საეკლესიო ტრადიციის შესაბამისად, მუხლმოდრეკის ლოცვები შესრულდა. მიტროპოლიტმა გერასიმემ ტაძარში შეკრებილ მრევლს სულთმოფენობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა, დალოცა და ქადაგებით მიმართა.
სადღესასწაულო მსახურების ფარგლებში, ეპარქიის ცხოვრებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და მხარდაჭერისთვის, მეუფე გერასიმემ მადლობის სიგელები გადასცა გიორგი ჩხეიძესა და ნინო სხულუხიას, გიორგი ცანავასა და ნანა გოგიას, ზაურ აბაკელიასა და თინათინ ღურჯიას, ასევე ნინო ზაქარაიასა და ნესტან შანავას.
სულთმოფენობის დღესასწაული მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღესასწაულია, რომელიც ქრისტეს აღდგომიდან ორმოცდამეათე დღეს აღინიშნება და სულიწმიდის მოციქულებზე გარდამოსვლას ეძღვნება.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, სულთმოფენობა, იგივე სულიწმინდის მოფენა აღდგომის დღესასწაულიდან 50–ე დღეს აღინიშნება.