სიონის ტაძარში სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება
თბილისის მერის განცხადებით, რეაბილიტაცია ტაძრის გადახურვასა და სამრეკლოს შეეხება და სამუშაოები ოქტომბრის ბოლოს დასრულდება.
თბილისის განვითარების ფონდი სიონის ტაძარში სარეაბილიტაციო პროექტს იწყებს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, სიონის ტაძარი და მისი სამრეკლო კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ძეგლებს წარმოადგენს, რის გამოც მათი დაცვა და აღდგენა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს.
„ჩვენი ქალაქისთვის დიდი სიმდიდრეა კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ძეგლების არსებობა. ამ მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ. თბილისის განვითარების ფონდი ამჯერად რეაბილიტაციის პროექტს იწყებს სიონის ტაძარში“, — განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერის განმარტებით, ამჟამად დაზიანებულია ტაძრის გადახურვა და სამრეკლო, რის გამოც ნალექი კედლებს აზიანებს და საფრთხეს უქმნის ტაძარში არსებულ ფრესკებს.
„რეაბილიტაცია ჩაუტარდება ტაძრის აღნიშნულ ნაწილს. სატენდერო პროცედურები დასრულებულია, გამოვლენილია გამარჯვებული კომპანია, რომელთანაც ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია“, — აღნიშნა თბილისის მერმა.
მისივე ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე პერიოდში დაიწყება და ოქტომბრის ბოლოს დასრულდება.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მართლმადიდებელი ეკლესია 28 მაისს ღირს დავით გარეჯელის ხსენებას აღნიშნავს.