საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის ქადაგება აღდგომიდან მეხუთე, სამარიტელის კვირას

11 მაისი 08:27
171
სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი)

ასე რომ, ძვირფასო ძმებო და დებო, ამ ცოცხალი წყლით შემოდის ჩვენში ყველაფერი, რაც ყველაზე ძვირფასია, ყველაზე საჭიროა ჩვენთვის. ეს არის მშვიდობა, სიმართლე, სიხარული სულიწმინდაში. მხოლოდ ამ მადლის მეშვეობით შეიძლება ადამიანმა მოიპოვოს სასუფეველი ღვთისა თავის თავშიც და მის გარშემოც.

ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო,
გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელსაც ეწოდება სამარიტელის კვირა, ვინაიდან სახარებიდან იკითხება უფალ იესო ქრისტეს საუბარი სამარიტელ დედაკაცთან. ეს საუბარი შედგა იაკობის ჭასთან, საიდანაც ჩანს, რამდენად ლმობიერია უფალი ადამიანების სისუსტეებისადმი, უძლურებისადმი, რამდენად ძვირფასია მისთვის ყოველი ადამიანი.
ამ სამარიტელ ქალს, მაშინდელი ებრაელების აზრით, ყველაფერი არასწორად ჰქონდა. მისი სარწმუნოება იყო უმართებულო, რომელსაც იუდეველები არ იღებდნენ. მოგეხსენებათ, სამარიტელებს შერეული სარწმუნოება ჰქონდათ, მათი ეროვნებაც მიუღებელი იყო იუდეველებისთვის, ებრაელები სამარიტელებთან საერთოდ არ კონტაქტობდნენ, არც კი ესალმებოდნენ, არათუ ურთიერთობდნენ.


აი, უფალი იესო ქრისტე ზის ამ უცხო ქალთან ერთად იაკობის ჭასთან და საუბრობს. როგორც ხშირად გაუკეთებია, იგი არ იქცევა ისე, როგორც მიჩვეული იყვნენ გარშემო ადამიანები, რადგან იმჟამად გზაზე უცხო ქალთან საუბარი კაცისთვის სრულიად მიუღებელი რამ იყო. ამიტომ, როცა მოციქულები მოვლენ და ამას დაინახავენ, ძალიან გაუკვირდებათ. მით უმეტეს, ამ ყველაფერთან ერთად, უფალი მას ისეთ საკითხებზე ელაპარაკება, რაზეც ჯერ თავის მოციქულებთანაც კი არ უსაუბრია. იგი იწყებს საუბარს სიტყვებით წყლის შესახებ, რომელსაც უფალი იძლევა. ამ წყალს ხატოვნად უწოდებს „ცოცხალ წყალს“, რომელიც მარადიულ ცხოვრებაში მიედინება (ინ. 4, 10) და ამბობს: „ვინც შესვამს ამ წყალს, უკუნისამდე არ მოსწყურდება. ეს წყალი იმ ადამიანში გადაიქცევა იმ წყაროდ, რომელიც მიედინება მარადიულ ცხოვრებაში“ (ინ 4, 14).
რა წყალია ეს? რა ცოცხალი წყალია? ეს არის ცოცხალი წყალი, რომლითაც ფერს იცვლის ადამიანის ცხოვრება. მისით მარცხდება ის ბოროტება, რომელშიც დანთქმულია ეს ქვეყანა და რომლითაც სიკვდილის დამარცხებაც კი შეიძლება. მას ჩვენ ვუწოდებთ საღვთო მადლის ძალას, ან სულიწმინდის მადლის ძალას. ეს ძალა გახლავთ თვით ღმერთის მოქმედება, მისი ენერგია. ამდენად, ის არ არის შექმნილი ღმერთის მიერ, ქმნილება არ არის, არამედ მარადიულია, ღმერთთან არის მარადიულად. ვისაც ეს მადლი ეძლევა, ამ მადლს შეჰყავს მარადიულ ცხოვრებაში და აერთებს ღმერთთან. ამიტომ ამბობს უფალი, რომ იმ წყაროდ გადაიქცევა, რომელიც მიედინება მარადიულ ცხოვრებაში.
უფალი ჩვენი იესო ქრისტე სულიწმინდის მადლის შესახებ საუბრობს წმინდა სახარების სხვა ადგილასაც. „საქმე მოციქულთა“ იწყება ასე: „თქვენ მიიღებთ ძალას, როდესაც გადმოვა თქვენზე სულიწმინდა“ (მოც. 1. 8 ). სხვაგან ამბობს: „უმჯობესია, მე წავიდე, რადგან თუ არ წავალ, ნუგეშინისმცემელი ვერ მოვა თქვენთან; ხოლო მე თუ წავალ, მოგივლენთ მას“ (ინ. 16, 7).
ჩვენი ეკლესიის სწავლებით, სწორედ ამ მადლის მოცემისთვის განკაცდა ღმერთი, დაითმინა საშინელი ჯვარცმა და სიკვდილი, რომ ეს მადლი მოეცა ჩვენთვის. მხოლოდ ამ მადლით შეიძლება ბოროტების დაძლევა. წმინდა მამების სწავლებით, ქრისტიანობა სხვა არაფერია, თუ არა ამ მადლის მოხვეჭისკენ სწრაფვა, ქრისტიანული ცხოვრების მიზანია ამ მადლის მოხვეჭა.
ასე რომ, ძვირფასო ძმებო და დებო, ამ ცოცხალი წყლით შემოდის ჩვენში ყველაფერი, რაც ყველაზე ძვირფასია, ყველაზე საჭიროა ჩვენთვის. ეს არის მშვიდობა, სიმართლე, სიხარული სულიწმინდაში. მხოლოდ ამ მადლის მეშვეობით შეიძლება ადამიანმა მოიპოვოს სასუფეველი ღვთისა თავის თავშიც და მის გარშემოც.
კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს!
მინდა, დავძინო, რომ მხოლოდ ამ მადლის მეშვეობით შეიძლება ღირსეულად და წარმატებით ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას. ეს არის დიდი გაფართოებული საეკლესიო კრება, რომელზეც უნდა მოხდეს ახალი კათოლიკოს-პატრიარქის გამორჩევა. ვევედროთ უფალს, მოგვცეს ეს მადლი, ეს ცოცხალი წყალი, რომ შეგვაძლებინოს, ღვთის ნებით, მივიღოთ ბრძნული, გონიერი, ჩვენი ეკლესიისა და ერისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება.
ისევე, როგორც 49 წლის წინ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის გამორჩევით მრავალი სიკეთე მოხდა და აღსრულდა ჩვენს ეკლესიასა და ერში, ხვალინდელი დღეც ყოფილიყოს საწინდარი კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის გზის გაგრძელებისა. ეს არის გზა მართლმადიდებელი ეკლესიის ერთგულებისა, ღვთისმსახურებისა, ხალხის სიყვარულისა, ერთსულოვნებაზე ზრუნვისა, საქართველოში მშვიდობისა და გაერთიანებისთვის მსახურებისა, თავგანწირული მსახურებისა.
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ!
ღმერთმა დალოცოს, გაამთლიანოს და გააძლიეროს სრულიად საქართველო. ამინ!
ქრისტე აღდგა!

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ხვალ საქართველოს ახალი კათოლიკოს-პატრიარქი ეყოლება.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ