თელავში ერეკლე II-ის ბიოგრაფიასა და ისტორიულ რეალობაზე ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა
კონფერენციის ფარგლებში მეცნიერებმა მეფე ერეკლე მეორის დაბადების თარიღთან დაკავშირებული ახალი ისტორიული ფაქტები განიხილეს და სპეციალური რეზოლუცია მიიღეს.
თელავში, მეფე ერეკლე II-ის სასახლის საელჩო დარბაზში ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია — „ერეკლე მეორის ბიოგრაფიული შტრიხები: ნარატივი და ისტორიული რეალობა“ გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.
კონფერენციის მიზანი იყო საზოგადოებისთვის მეფე ერეკლე II-ის დაბადების თარიღის დადგენასთან დაკავშირებული ახალი ისტორიული ფაქტების გაცნობა და შესაბამისი სამეცნიერო რეზოლუციის მიღება.
მინისტრმა გივი მიქანაძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ მსგავსი კონფერენციები ისტორიკოსებს, მკვლევრებსა და სამეცნიერო საზოგადოებას საერთო მიზნის ირგვლივ აერთიანებს და შესაძლებლობას აძლევს, ისტორიულ ფაქტებსა და ანალიტიკურ კვლევებზე დაყრდნობით იმსჯელონ ერეკლე II-ის მოღვაწეობასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე.
მისივე თქმით, ქვეყნის განვითარება საკუთარი ისტორიის პატივისცემით იწყება, ხოლო ერეკლე II საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქვეყნის გაძლიერებასა და აღმშენებლობაში.
ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, განათლების მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე, ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯაბა სამუშია, პარლამენტის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
სამეცნიერო კონფერენციაზე მოხსენებებით წარდგნენ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი თენგიზ სიმაშვილი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი აპოლონ თაბუაშვილი, ისტორიკოსი ვლადიმერ კეკელია და ისტორიის დოქტორი დავით ჯავახიშვილი.
კონფერენციის დასასრულს მეფე ერეკლე II-ის დაბადების თარიღის დადგენასთან დაკავშირებით სამეცნიერო რეზოლუცია მიიღეს, რომელსაც ხელი მოაწერეს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა შალვა ჭკადუამ და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ზაზა აბაშიძემ.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მომდევნო კვირაში ჩვენ მოგვიწევს გაფართოებული საეკლესიო კრების ჩატარება, - მიტროპოლიტი შიო.