დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე — 11 მაისს წმინდა სინოდის გაფართოებულ კრებაზე კათოლიკოს-პატრიარქს აირჩევენ
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა უარყო ეპარქიების გაუქმებისა და მეუფე ზენონის განკვეთის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია და მას „ზღაპარი“ უწოდა.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ 11 მაისს, 13:00 საათზე, სამების საპატრიარქო ტაძარში წმინდა სინოდის გაფართოებული კრება გაიმართება, სადაც საქართველოს 142-ე კათოლიკოს-პატრიარქს აირჩევენ.
მისი თქმით, კრება სრულად დაეთმობა პატრიარქის არჩევნების პროცესს და სხვა საკითხები დღის წესრიგში არ განიხილება.
დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ასევე უარყო სხვადასხვა მედიასაშუალებაში გავრცელებული ინფორმაცია დასავლეთ ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიების შესაძლო გაუქმების შესახებ. გავრცელებული ცნობებით, მეუფე შიოს არჩევის შემთხვევაში აღნიშნული ეპარქიები უნდა გაუქმებულიყო, ხოლო დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსი ზენონი ეკლესიიდან განეკვეთათ.
ანდრია ჯაღმაიძემ აღნიშნულ ცნობებს „ზღაპარი“ უწოდა და განაცხადა:
„როგორც პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ მთელი ეს პერიოდი ღირსეულად მიმდინარეობდა სინოდი და ასევე სხვა პროცესები, ასევე სანიმუშო და სამაგალითო იქნება ეს არჩევნებიც.“
შეგახსენებთ, რომ 28 აპრილს წმინდა სინოდმა საპატრიარქო კანდიდატებად სამი მღვდელმთავარი გამოარჩია:
▪️ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი)
▪️ მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი)
▪️ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი, 142-ე კათოლიკოს-პატრიარქი სწორედ ამ სამი კანდიდატიდან შეირჩევა.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი კათოლიკოს-პატრიარქობის პროგრამის მეორე ნაწილს აქვეყნებს.