რომის სამრევლოში მსახურების წესზე განცხადება გაავრცელა დასავლეთ ევროპის ეპარქიამ
ეპარქიის ცნობით, ლაციოს რეგიონში კანონიკურად მსახურების უფლება მხოლოდ არქიმანდრიტ იოანე (ხელაიას) აქვს.
საქართველოს საპატრიარქოს დასავლეთ ევროპის ეპარქიის პრესსამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომელიც ქ. რომში, ლაციოს რეგიონსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრებ ქართველ მართლმადიდებელ მრევლს ეხება.
ეპარქიის ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ეპარქიის მმართველი მღვდელმთავრის მიერ დადგენილია ერთი სასულიერო პირი — არქიმანდრიტი იოანე (ხელაია), რომელსაც აქვს კანონიკური უფლებამოსილება სამღვდელო მსახურების აღსრულებაზე.
განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ნებისმიერი სხვა სასულიერო პირი, რომელიც არ არის დანიშნული ეპარქიის მმართველი მღვდელმთავრის მიერ ან არ ფლობს ერთჯერადი მსახურების აღსრულების შესაბამის კურთხევას/ნებართვას, საეკლესიო სამართლის მიხედვით არ ითვლება კანონიკურად მოქმედად და მისი საქმიანობა თვითნებობად შეფასდება.
ეპარქია განმარტავს, რომ ეკლესია ფუნქციონირებს მკაფიო იერარქიული წესრიგით — წმინდა სინოდის, პატრიარქისა და ადგილობრივი მღვდელმთავრის ხელმძღვანელობით, საეკლესიო კანონებისა და ნორმების საფუძველზე. შესაბამისად, როგორც სამღვდელო, ისე საერო პირები ვალდებულნი არიან დაემორჩილონ დადგენილ წესებსა და კანონიკურ იერარქიას.
ამასთან, განცხადებაში მოყვანილია საეკლესიო კანონები, რომლებიც კრძალავს სხვა ეპარქიაში თვითნებურ მსახურებას. კერძოდ, IV მსოფლიო კრების (ქალკედონის) მე-20 კანონის მიხედვით, სასულიერო პირი ეკუთვნის ერთ ეპარქიას და არ აქვს უფლება სხვა ეპარქიაში მსახურების გარეშე ჩარევის. ანალოგიურად, ანტიოქიის კრების მე-3 კანონი მღვდელს უკრძალავს სხვა ეპარქიაში მსახურებას ადგილობრივი ეპისკოპოსის თანხმობის გარეშე.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირის ცნობით, კონსტანტინოპოლის პატრიარქი ათენში იმყოფება ვიზიტით.