საქართველო ხორბლის წარმოშობის უძველეს კერად დადასტურდა — კვლევის შედეგები ეროვნულ მუზეუმში წარადგინეს
PNAS-ში გამოქვეყნებული საერთაშორისო კვლევა ადასტურებს, რომ ნეოლითური პერიოდის საქართველო Triticum aestivum-ის წარმოშობის დამოუკიდებელი ცენტრი იყო.
საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გაიმართა უახლესი სამეცნიერო კვლევის შედეგების პრეზენტაცია, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე პურის ხორბლის წარმოშობის უძველესი კერის არსებობას ადასტურებს. ღონისძიებას კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
კვლევის მიხედვით, 2026 წლის 27 აპრილს აშშ-ის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ჟურნალში (PNAS) გამოქვეყნებული სტატია — “An Independent Center for the Origin of Bread Wheat in the Neolithic Period of Georgia in the South Caucasus“ — ასაბუთებს, რომ საქართველო პურის ხორბლის (Triticum aestivum) წარმოშობის დამოუკიდებელი და ამ ეტაპისთვის დოკუმენტურად დადასტურებული უძველესი კერაა.
მიგნებები ეფუძნება საერთაშორისო მულტიდისციპლინურ კვლევას, რომელსაც აკადემიკოსი დავით ლორთქიფანიძე ხელმძღვანელობდა. კვლევა ეყრდნობა საქართველოში, გადაჭრილ და შულავერის გორებზე აღმოჩენილ დაახლოებით 8 000 წლის წინანდელ არქეოლოგიურ მასალას, ასევე პალეობოტანიკოს ნანა რუსიშვილის მრავალწლიან სამეცნიერო მუშაობას.
ისრაელის ვაისმანის ინსტიტუტში ჩატარებულმა რადიოკარბონულმა დათარიღებამ დაადასტურა, რომ საქართველოს ნეოლითურ ნამოსახლარებში აღმოჩენილი მასალა პურის ხორბლის არსებობის დღემდე ცნობილ უძველეს ფიზიკურ მტკიცებულებას წარმოადგენს მსოფლიოში.
კვლევის თანაავტორები არიან ქართველი და უცხოელი მეცნიერები: მინდია ჯალაბაძე, ინგა მარტყოფლიშვილი, მარინე მოსულიშვილი, ნანა მელაძე, დავით მაღრაძე, ელიზაბეტა ბოარეტო და სტივენ ბატიუკი.
კულტურის მინისტრის, თინათინ რუხაძის განცხადებით, აღნიშნული აღმოჩენა განსაკუთრებული მნიშვნელობისაა:
„გასულ წელს UNESCO-ს მიერ ქართული ხორბლის ტრადიციებისა და რიტუალების არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანის შემდეგაც, ინტერდისციპლინური კვლევები გაგრძელდა. დღეს ეს უმნიშვნელოვანესი სამეცნიერო შედეგი უკვე მსოფლიო დონეზე დადასტურდა,“ — აღნიშნა მინისტრმა.
საერთაშორისო კვლევა განხორციელდა საქართველოს კულტურის სამინისტროსა და ღვინის ეროვნული სააგენტოს პროექტის — „ღვინისა და ვაზის კვლევა და პოპულარიზაცია“ — ფარგლებში, ტორონტოს უნივერსიტეტის, ვაისმანის ინსტიტუტისა და „საზოგადოება ივერიისა“ მხარდაჭერით.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, გაიმართა კონკურსის „ჩემი წიგნი“ დასკვნითი ღონისძიება.