29 აპრილს ეკლესია მოიხსენებს ქალწულმოწამეებს: აღაპიას, ირინეს და ქიონიას
დების სილამაზით მოხიბლულმა იმპერატორ დიოკლეტიანემ წმიდანებს ქრისტეს უარყოფა შესთავაზა და დაჰპირდა, რომ თავისი ამალიდან საუკეთესო საქმროებს შეურჩევდა.
წმიდა ქალწულმოწამენი აღაპია, ირინე და ქიონია (+304) დები იყვნენ. ისინი იტალიის ქალაქ აკვილაში ცხოვრობდნენ. სიყრმეშივე დაობლებული გოგონები ღვთისმოსავ ცხოვრებას ეწეოდნენ და სამონაზვნოდ ემზადებოდნენ.
დების სილამაზით მოხიბლულმა იმპერატორ დიოკლეტიანემ წმიდანებს ქრისტეს უარყოფა შესთავაზა და დაჰპირდა, რომ თავისი ამალიდან საუკეთესო საქმროებს შეურჩევდა. წმიდა დებმა უპასუხეს, რომ ერთადერთი ზეციური საქმრო ჰყავთ - ქრისტე, რომლისთვისაც მზად არიან ეწამონ და არაფერზე გასცვლიან მას.
დიოკლეტიანე მაკედონიაში წავიდა და წმიდა დები თან წაიყვანა და წმიდა დები განსასჯელად გადასცა სისინს. მან დაკითხვა უმცროსი ირინედან დაიწყო. მაგრამ ვერაფერს გახდა და წმიდა მოწამე ციხეში ჩააგდო. შემდეგ წმიდა ქიონიას და აღათიას გადადრეკას შეეცადა. როცა აქაც ხელი მოეცარა, გამძვინვარებულმა წმიდანების დაწვა ბრძანა. დებმა მოწამეობრივი აღსასრულის მონიჭებისთვის უფალს მადლობა შესწირეს და ლოცვით ავიდნენ კოცონზე.
მეორე დღეს სისინმა ირინეს მოყვანა ბრძანა. ის წმიდანს დების ბედის გაზიარებით აშინებდა, შემდეგ კი დაემუქრა - თუ ქრისტეს არ უარყოფ, საროსკიპოში ჩაგაგდებო. წმიდა მოწამემ უპასუხა: „დაე, ჩემი სხეული ძალადობის მსხვერპლი შეიქმნეს, სული ჩემი არ შეიბილწება ქრისტეს უარყოფით".
როცა სისინის ჯარისკაცებს წმიდა ირინე საროსკიპოში მიჰყავდათ, მათ ორი ბრწყინვალე მხედარი წამოეწია და უთხრა: „სისინმა გიბრძანათ, მაღალ მთაზე აიყვანოთ ქალწული და იქ დატოვოთ, თქვენ კი მასთან დაბრუნდეთ და აუწყოთ ბრძანების შესრულება". ჯარისკაცებმა ბრძანება შეასრულეს, მაგრამ როცა ამის შესახებ სისინს აუწყეს, ის სასტიკად განრისხდა, რადგან არავითარი განკარგულება არ ჰქონდა გაცემული. ბრწყინვალე მხედრები იყვნენ უფლის ანგელო-ზები, რომლებმაც წმიდა ქალწული შეურაცხყოფას გადაარჩინეს.
მმართველი ჯარისკაცების რაზმით წავიდა მთისკენ და ნახა მის მწვერვალზე მდგარი ქალწული. მათ დიდხანს ეძებეს მთის წვერისკენ მიმავალი გზა, მაგრამ ვერ იპოვეს. ერთ-ერთმა ჯარისკაცმა ისარი ესროლა ქალწულმოწამეს. წმიდა ირინემ სისინს დაუძახა: „სასაცილოა შენი უძლური ბოროტება, მე კი უმწიკვლო მივიცვლები უფლისა ჩემისა იესო ქრისტეს მიმართ", და მშვიდობით მიაბარა სული უფალს (+304).
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ეკლესია აღნიშნავს მენელსაცხებლე დედათა კვირას.