კვირაცხოვლობის დღესასწაული ფოთში – მიტროპოლიტმა გრიგოლმა აღდგომის ტაძარში ლიტურგია აღასრულა
მეუფემ ქადაგებაში პატრიარქ ილია II-ის ხსოვნაზე ისაუბრა და მრევლს ერთობისკენ მოუწოდა.
კვირაცხოვლობის დიდებულ დღესასწაულთან დაკავშირებით, მაღალყოვლადუსამღვდელოსმა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა საღვთო ლიტურგია ფოთის აღდგომის საკათედრო ტაძარში აღასრულა.
ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ მიტროპოლიტმა მრევლს ქადაგებით მიმართა, სადაც განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ხსოვნასა და ეკლესიის წინაშე არსებულ მნიშვნელოვან ეტაპზე.
ნაწყვეტი ქადაგებიდან:
,,ქრისტე აღსდგა! დღეს აღდგომის განახლების დღეა, კვირაცხოვლობაა და ჩვენ ვდგავართ ამ დიდებულ ტაძარში და აქედან განვადიდებთ უფალს, მაგრამ ამ სიხარულის დღეს თქვენ ხედავთ ტაძრის შუაგულში დაბრძანებულ სურათს საიდანაც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია II შემოგვყურებს, ამ დიდ სიხარულის დღეებს წინ უძღვოდა მისის უწმინდესობის გარდაცვალება, ვერაფერი აკავებს სევდას, მწუხარებას და ტკივილს და ეს ძალიან ადამიანურია. ღმერთმა საუკუნო ნათელში დაამკვიდროს მისი უწმინდესობის ნათელი სული. თუ ჩვენ თვალს გადავავლებთ 1977 წლიდან 2026 წლამდე რაც კი რამე გაგვაჩნია ეკლესიის წიაღში ყველაფერი მისი დამსახურებაა, მის უწმინდესობას მინდა მივმართო:,, ჩვენ ვლოცულობთ თქვენთვის თქვენო უწმინდესობავ, ამ განსაცდელის ჟამს თქვენ თქვენი ლოცვა შეგვაწიეთ, რადგან საპატრიარქო ტახტის დაქვრივება დიდი განსაცდელია ეკლესიისთვის, დღეს მოლოდინში ცხოვრობს ერი ახალი პატრიარქის არჩევის მოლოდინში.”
მიტროპოლიტმა გრიგოლმა ასევე დალოცა მრევლი და მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც საკუთარი შრომითა და ძალისხმევით წვლილი შეიტანა ეკლესიის მსახურებაში.
„ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, ღმერთმა დალოცოს ყოველი ადამიანი რომელიც დიდი თუ მცირე წვლილი გაიღო ამ საქმეში მონდომებით, ფიზიკური შრომით და ყველა სხვა უნარებით და შესაძლებელი გახადა ჩვენ დღევანდელი დღე გვქონოდა. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. ქრისტე აღსდგა!” — აღნიშნა მეუფემ ქადაგების დასასრულს.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ქარელის მუნიციპალიტეტში სქემმონაზონი მოსე (კოკოლიშვილი) გარდაიცვალა.