მართლმადიდებელი ეკლესია 30 მარტს ღირს გაბრიელ მცირე თბილისელს იხსენებს
დავით-გარეჯის ბერი, მწიგნობარი და მოწამე – მისი ცხოვრება სულიერი ღვაწლისა და თავგანწირვის მაგალითია.
30 მარტს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ღირს გაბრიელ მცირე თბილისელის ხსენების დღეს აღნიშნავს. იგი გამოირჩეოდა მაღალი სულიერებითა და პატიოსნებით და თავდაპირველად თბილისში ცხოვრობდა, სადაც თავს კერვით ირჩენდა.
ქალაქის მშფოთვარე ცხოვრებამ ღირსი მამა სულიერი სიმშვიდისკენ მიმართა, რის შემდეგაც მან დატოვა ყველაფერი და დავით-გარეჯის ნათლისმცემლის უდაბნოში გაემგზავრა, სადაც ბერად აღიკვეცა. მონასტერში გაბრიელმა მწიგნობრულ საქმიანობას მიჰყო ხელი და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართულ სასულიერო მწერლობაში.
მისი შემოქმედება მოიცავს როგორც თარგმნილ-გადმოკეთებულ, ასევე ორიგინალურ თხზულებებს. მათ შორის აღსანიშნავია „მღვდელმთავრისა ლიტურგიისა განმარტებაჲ სახისმეტყუელებითი“, „მეექვსე მსოფლიო კრების სჯულის კანონისათვის“, „სულიერნი თხრობანი სულთა ღმრთისმოყვარეთანი“, „ცხოვრება და მოღვაწეობა ღირსისა მამისა ჩვენისა საქმოსან ონოსიფორესი“ და „მოკლე მოთხრობა პროფირისათვის“.
სულიერი მოღვაწეობის პარალელურად, ღირსი გაბრიელი გამოირჩეოდა ძმებისადმი განსაკუთრებული სიყვარულითა და მსახურებით — იგი ეხმარებოდა, უვლიდა და ამხნევებდა მათ.
მისი ცხოვრება ტრაგიკულად დასრულდა. გადმოცემის თანახმად, დიდმარხვის პერიოდში მონასტერში ჩამოსულ მთვარდიაკონს, რომელმაც უკან დაბრუნება გადაწყვიტა, ღირსი გაბრიელი გამოაცილებდა. გზაში მათ ლეკები დახვდნენ და გაბრიელი მოკლეს.
მონასტრის ძმებმა მისი წმიდა ცხედარი ნათლისმცემლის უდაბნოში გადაასვენეს და იქვე დაფლეს. ღირსი გაბრიელი მცირე თბილისელი დღეს ეკლესიის მიერ მოწამედ და სულიერი ღვაწლის მაგალითის მატარებელ წმინდანად არის შერაცხილი.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ბათუმში მღვდლად და დიაკვნად ხელდასხმის საიდუმლო აღესრულა.