31 მარტს ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება
პანაშვიდები ტაძრებში, გამოფენის გახსნა და საჯარო ლექცია საპრეზიდენტო ცენტრში.
31 მარტს, დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სულის საოხად, ქვეყნის სხვადასხვა ტაძარში პანაშვიდი აღესრულება. თარიღი მის დაბადების დღეს უკავშირდება და ტრადიციულად აღინიშნება მისი ხსოვნის პატივსაცემად.
ამავე დღეს, საქართველოს კულტურის სამინისტროსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, საქართველოს სასახლე-მუზეუმების გაერთიანება ზვიად გამსახურდიას საპრეზიდენტო ცენტრში მასშტაბურ კულტურულ ღონისძიებას გამართავს.
ღონისძიების ფარგლებში 14:00 საათზე გაიხსნება გამოფენა — „თანამედროვე ქართული ხელოვნება დადიანების სასახლეების კოლექციებიდან“, სადაც წარმოდგენილი იქნება XX საუკუნის ქართული ფერწერის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კოლექცია. ექსპოზიცია ასახავს ქართული მხატვრობის განვითარებას სხვადასხვა თაობისა და მიმდინარეობების მიხედვით და აერთიანებს როგორც კლასიკური, ისე მოდერნისტული ხელოვნების წარმომადგენელთა ნამუშევრებს.
დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ექნებათ იხილონ ელენე ახვლედიანის, ლადო გუდიაშვილის, ედმონდ კალანდაძის, გივი თოიძისა და სხვა მნიშვნელოვანი მხატვრების ნამუშევრები, რომლებიც ერთობლივად წარმოაჩენენ XX საუკუნის ქართული ფერწერის მრავალფეროვან ევოლუციას.
15:00 საათზე გაიმართება საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის, კონსტანტინე გამსახურდიას საჯარო ლექცია თემაზე — „ზვიად გამსახურდია, მებრძოლი სამშობლოსა და ერი-სახელმწიფოსთვის, მომავლის მოღვაწე.“
ღონისძიება ჩატარდება ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას საპრეზიდენტო ცენტრში (მისამართი: ზ. გამსახურდიას №1). დასწრება თავისუფალია.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, სამების საკათედრო ლავრის ტერიტორიაზე წმინდა სვიმეონ კანანელის სახელობის ტაძარი შენდება.