მიტროპოლიტმა შიომ ალბანეთის მთავარეპისკოპოსი იოანე მიიღო
საპატრიარქო რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაზე სამძიმარი კიდევ ერთხელ გამოითქვა და ეკლესიებს შორის ძმური ურთიერთობები განიხილეს.
2026 წლის 23 მარტს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) საპატრიარქო რეზიდენციაში ალბანეთის მთავარეპისკოპოსს, უნეტარეს იოანესა და პროტოპრესვიტერ სპირიდონს უმასპინძლა.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მაღალი იერარქები, მათ შორის კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა), ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე), ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი დოსითეოსი (ბოგვერაძე), ასევე საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.
ალბანეთის მთავარეპისკოპოსმა იოანემ მიტროპოლიტ შიოსა და წმინდა სინოდის წევრებს კიდევ ერთხელ გამოუცხადა სამძიმარი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალების გამო.
თავის მხრივ, მიტროპოლიტმა შიომ სტუმრებს მადლობა გადაუხადა გამოჩენილი ძმური თანადგომისა და მხარდაჭერისთვის.
შეხვედრისას განსაკუთრებულად გაიხსენეს ალბანეთის აწ გარდაცვლილი მთავარეპისკოპოსი ანასტასი, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ეკლესიის აღორძინებასა და განვითარებაში.
შეხვედრა თბილ და მეგობრულ გარემოში გაიმართა და მის დასასრულს მასპინძლებმა და სტუმრებმა ერთმანეთთან სიმბოლური საჩუქრები გაცვალეს.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიის აღდგენის დღეს აღნიშნავს.