მიხეილ ყაველაშვილის გამოსამშვიდობებელი სიტყვა კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვის ცერემონიაზე

2824
24 მარტი 00:48
102
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი პანაშვიდზე. ფოტო: მჟკ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი პანაშვიდზე. ფოტო: მჟკ

განუზომელია თქვენი ღვაწლი ეროვნული იდენტობისა და კულტურის გადარჩენის საქმეში. თქვენ დაგვაბრუნეთ ჩვენს ისტორიულ ფესვებთან და დაგვარწმუნეთ, რომ ქართველობა არ არის მხოლოდ წარსული დიდება, ის ცოცხალი, მარადიული სულიერი ენერგიაა.

საქართველოს პრეზიდენტის, ბატონი მიხეილ ყაველაშვილის გამოსამშვიდობებელი სიტყვა კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვის ცერემონიაზე.
დღეს აქ, ამ დიდებულ ტაძარში, რომელიც ჩვენი სახელმწიფოებრივი აღორძინების, ერის სიმტკიცისა და მარადიულობის სიმბოლოა, საქართველო ქედს იხრის თავისი პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის უკვდავი სულის წინაშე.
დღეს ჩვენ თვალს ვუსწორებთ ეპოქას, რომელსაც თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ „პატრიარქის საქართველო“.
თქვენო უწმინდესობავ, თქვენმა მოღვაწეობამ ქართველი ადამიანის ერისკაცული მოვალეობა და მისი სულიერი მისია ერთ მთლიანობად შეკრა.
სწორედ ამ გზამ განსაზღვრა ჩვენი ეროვნული სახე და დაგვანახა, როგორ უნდა ვეზიაროთ უფალთან მიახლოების მადლს.
დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, როდესაც ჩვენი ქვეყანა უმძიმეს ქარტეხილებს გადიოდა, თქვენ იყავით ერის მთავარი საყრდენი. როცა ირგვლივ სასოწარკვეთა ისადგურებდა, თქვენი მშვიდი ხმა გვევლინებოდა ნუგეშად და გადარჩენის იმედად. თქვენ გვასწავლეთ, რომ ყველაზე დიდი განსაცდელის ჟამსაც კი, გამოსავალი უფლის რწმენასა და ერთმანეთის სიყვარულშია.


განუზომელია თქვენი ღვაწლი ეროვნული იდენტობისა და კულტურის გადარჩენის საქმეში. თქვენ დაგვაბრუნეთ ჩვენს ისტორიულ ფესვებთან და დაგვარწმუნეთ, რომ ქართველობა არ არის მხოლოდ წარსული დიდება, ის ცოცხალი, მარადიული სულიერი ენერგიაა.
თქვენ იყავით და კვალავ ბრძანდებით ერის გამაერთიანებელი, ჩვენი ერთიანობის უდრეკი მცველი. ეს ძალა დღეს, თქვენი გარდაცვალების შემდეგ, კიდევ უფრო მძაფრად შევიგრძენით. ამ მდუმარე რიგებში, ამ სევდიან მზერაში კრთის ის უხილავი, ღვთიური ძაფი, რომელიც თქვენმა სიყვარულმა ჩვენ შორის გააბა.
„პატრიარქის საქართველო“, ეს არ არის მხოლოდ ისტორიული ეპოქა, ეს ჩვენი ეროვნული ხასიათის ზეიმია. დღეს ყველამ დაინახა, შინ თუ გარეთ, როგორი ზეწოლაც არ უნდა იყოს ჩვენზე, ქართველი კაცი არ შეიცვლება. ჩვენი რეალური სახე სწორედ აქ არის: ამ ტაძარში, ამ საერთო ტკივილსა და მოწიწებაში.
თქვენი ამქვეყნიური გზის დასასრულსაც კი უდიდესი გაკვეთილი მოგვეცით: კიდევ ერთხელ გაგვაერთიანეთ და შეგვახსენეთ ჩვენი ნამდვილი ბუნება – სიყვარული, კაცთმოყვარეობა და ის ურყევი ერთობა, რომელსაც ვერანაირი მიწიერი ქარიშხალი ვერ დაანგრევს.
თქვენო უწმინდესობავ, ჩვენ ვაგრძელებთ გზას, რომელიც თქვენ გვიანდერძეთ. ღმერთმა დალოცოს თქვენი უკვდავი სული, ღმერთმა დალოცოს საქართველო!
ამინ!

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, პოლიტიკური ლიდერები პატრიარქ ილია ll-ს ემშვიდობებიან.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ