რა ძალით ახდენს ამას ჯვარი? რა ძალაა მასში ასეთი დაფარული? რა არის ეს ძალა?- მიტროპოლიტი შიო

2824
16 მარტი 12:28
22
სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი). ფოტო: საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი). ფოტო: საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ქადაგება დიდი მარხვის მესამე – ჯვრის თაყვანისცემის კვირას.

დიდმარხვის მესამე კვირიაკეს ტაძრებში ჯვრის თაყვანისცემა აღინიშნება. იგი მორწმუნეებს უფლის ვნებებს ახსენებს და რწმენაში აძლიერებს.

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ქადაგება დიდი მარხვის მესამე – ჯვრის თაყვანისცემის კვირას თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში:

ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო!
გილოცავთ ჯვრის თაყვანისცემის კვირას და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.
აი, გაიარა დიდი მარხვის პირველმა ნახევარმა და, ბუნებრივია, დავღლილიყავით ჩვენს თავში ჩაღრმავებით და ცუდის დანახვით. ამიტომ არ არის შემთხვევითი, რომ წმინდა ეკლესია დღეს გვანუგეშებს და თაყვანისცემისთვის ტაძრის შუაგულში გამოაბრძანებს უფლის წმინდა და პატიოსან ჯვარს, ბოროტებაზე გამარჯვების ამ სიმბოლოს და დიდებულ ნიშანს.
ჯვრის თაყვანისცემაში არის რაღაც საზეიმო სიხარული, ჩვენ ხომ მას ლოცვებში მივმართავთ, როგორც ჩვენს საფარველს, ზღუდეს, რომელიც იცავს ეკლესიას ყოველგვარი უბედურებისგან, ებრძვის და ამარცხებს ეშმაკებს.
რა ძალით ახდენს ამას ჯვარი? რა ძალაა მასში ასეთი დაფარული? რა არის ეს ძალა?
ძვირფასო ძმებო და დებო, ეს არის საღვთო სიყვარულის ძალა, რომელიც მუდამ სწყალობს და თანაუგრძნობს ადამიანს. სწორედ ამ სიყვარულის ძალით შეიქმნა სამყარო, მისი ძალით მიიღო ღმერთმა ადამიანური ბუნება და გახდა ღმერთკაცი, რომ გადავერჩინეთ, ადამიანი განეღმრთო და მიენიჭებინა ადამიანის ბუნებისთვის თავისი საღვთო ძალა. ეს სიყვარული კი ყოველთვის ჯვარცმული და თავგანწირულია. სხვანაირი სიყვარული, ნამდვილი სიყვარული არც არსებობს. ეს არის სიყვარულის არსი. აი, ეს საღვთო სიყვარული გვეძლევა წმინდა ჯვრის მეშვეობით. დღეს ჩვენ ვმადლობთ და ვადიდებთ უფალს, რომ შესაძლებლობა მოგვეცა, ვიყოთ თანაზიარნი ამ სიყვარულისა.
მაშასადამე, ჯვარი არის საღვთო სიყვარულის ნიშანი და სიმბოლო. როგორც ვიცით, სიმბოლოსა და რეალობას შორის არსებობს ცოცხალი კავშირი. ეს არის კავშირი ხატსა და მის პირველსახეს შორის. ამგვარად, ჯვარსა და ღმერთს შორის, რომელიც არის ჯვრის პირველსახე და თავად სიყვარულია (და ვიმეორებ – ჯვრის პირველსახეა), არსებობს ცოცხალი კავშირი. ამიტომ როდესაც ჯვარს თაყვანს ვცემთ, ჩვენ თაყვანს ვცემთ თვით ღმერთს, ყოვლადწმინდა სამებას და ვთხოვთ მას, რომ ჩვენთან მოვიდეს, ჩვენში დამკვიდრდეს და დაგვეხმაროს. აი, სწორედ ამიტომ ჩვენ გულ-მკერდზე ვატარებთ ჯვარს, რომ ეს საღვთო სიყვარულის ძალა ახლოს იყოს ჩვენთან და შეგვეწიოს.
მაგრამ ამისთვის არ არის საკმარისი, რომ მხოლოდ გულ-მკერდზე გვეკეთოს ჯვარი; მთავარია, ის გულით ვატაროთ, გულში გვქონდეს ეს ჯვარი, ჩვენი გული მიისწრაფოდეს ღვთისადმი საპასუხო სიყვარულისკენ. მაშინ ეს საღვთო სიყვარულის ძალაც ყოველთვის ჩვენთან იქნება და დაგვეხმარება. გვეხმარება კიდეც, გვეწევა კიდეც. როდესაც ვხედავთ ჩვენს ცოდვებს და ჯეროვნად ვინანიებთ მათ, გვწამს და ვიცით, რომ ღვთის შეწევნით ამ ცოდვებს დავამარცხებთ, იმიტომ, რომ ცოდვა არ არის უძლეველი და ყოვლისშემძლე. რატომ? სწორედ იმიტომ, რომ არსებობს ღვთის სიყვარული, ღვთის სიყვარულის ძალა, რომელიც ჩვენთან მოდის, რომ გვაცხონოს, გადაგვარჩინოს, განგვწმინდოს და მოელის ჩვენგან საპასუხო სიყვარულს, ოღონდაც ეს სიყვარული გვქონდეს, ოღონდაც გული გავუხსნათ ამ სიყვარულს და ჩვენი თაყვანისცემა ჯვრისადმი არ იყოს მხოლოდ გარეგნული და ფორმალური. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს იქცევა უბრალო ჩვევად, მათ შორის, ჯვრის თაყვანისცემასა და ჯვრის ტარებასაც ვგულისხმობ.
თუ არ იქნება ისეთი, როგორც მოგახსენეთ, გულითადი, გულისმიერი, შინაგანი, ეს იქნება მხოლოდ გარეგნული, ფორმალური ჩვევა, რომელიც ძალას არ მოგვანიჭებს. შესაბამისად, დავრჩებით დაუცველნი და უმწეონი ცოდვის, ბოროტი სულების წინაშე, რომლებიც დაგვამარცხებენ და დაგვღუპავენ. ხოლო თუ მართებულად თაყვანს ვცემთ ჯვარს, როგორც მოგახსენეთ, მაშინ ჩვენი მწუხარება სიხარულად შეიცვლება და ჩვენი ცოდვების ხედვისგან გამოწვეული სიმწარე, რაც თან ახლავს მარხვისა და სინანულის სარბიელს, გადაიქცევა საღვთო სიყვარულის დამატკბობელ ძალად, ვინაიდან უფლის პატიოსანი და ცხოველმყოფელი ჯვარი უძლეველია, ის ამარცხებს ცოდვასაც და სიკვდილსაც! ის სძლევს ცოდვას, სიკვდილს და ბოროტებას!
კიდევ ერთხელ გილოცავთ დიდი მარხვის მესამე კვირას – ჯვრის თაყვანისცემის კვირას. ჯვრის ძალამ და მადლმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ! ჯვრის ძალამ და მადლმა დალოცოს, დაიფაროს, გააძლიეროს, გაამთლიანოს სრულიად საქართველო და ყველას მოგვმადლოს მშვიდობა და წყალობა. ამინ!

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ღირსი პიამა ქალწული (+337).

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ