ტაშკენტში ქართული კულტურის დღეები გაიხსნა — „ერისიონისა“ და „ტუმორის“ გალაკონცერტით
ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ქართული ფილმების ჩვენება, გამოფენა და კულტურული შეხვედრები.
საქართველოს კულტურის სამინისტროს ორგანიზებითა და უზბეკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში ქართული კულტურის დღეები მიმდინარეობს.
კულტურის დღეები საქართველოს სახელმწიფო ფოლკლორული ანსამბლის „ერისიონისა“ და უზბეკეთის ალიშერ ნავოის სახელობის ოპერისა და ბალეტის დიდი თეატრის ანსამბლ „ტუმორის“ ერთობლივი გალაკონცერტით გაიხსნა.
გალაკონცერტი სახელწოდებით — „კულტურათა დიალოგი — საქართველო და უზბეკეთი: მემკვიდრეობა და თანამედროვეობა“ ალიშერ ნავოის სახელობის ოპერისა და ბალეტის დიდ თეატრში გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში თეატრის დარბაზში მოეწყო ქართულ-უზბეკურ თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრების გამოფენაც.
გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, უზბეკეთის რესპუბლიკის კულტურის მინისტრი ოზოდბეკ ნაზარბეკოვი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უზბეკეთის რესპუბლიკაში დავით კოტარია და სხვა მოწვეული სტუმრები.
კულტურის დღეების ფარგლებში, 10-11 მარტს, ალიშერ ნავოის სახელობის კინოთეატრში გაიმართება ქართველი რეჟისორების — ელდარ შენგელაიასა და მიხეილ კობახიძის ფილმების ჩვენება. მაყურებელი იხილავს ფილმებს: „შერეკილები“, „ქორწილი“, „ქოლგა“ და „მუსიკოსები“.
საქართველოს კულტურის მინისტრის, თინათინ რუხაძის განცხადებით, ქართული კულტურის დღეები უზბეკეთში კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს კულტურის მნიშვნელოვან როლს ხალხებს შორის ურთიერთობების გაღრმავებაში.
„ქართული კულტურის დღეები უზბეკეთში კიდევ ერთხელ ადასტურებს ამ პროექტის განსაკუთრებულ მნიშვნელობას. ორი ქვეყნის სახელმწიფო ანსამბლებმა საუკეთესოდ წარმოაჩინეს კულტურის ძალა ხალხებს შორის ურთიერთობაში. მრავალფეროვანი პროგრამა — გამოფენა და დიდი ქართველი რეჟისორების ფილმების ჩვენება — კიდევ უფრო დააახლოებს ჩვენს ხალხებს და გაამყარებს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას“, — განაცხადა მინისტრმა.
უზბეკეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, თინათინ რუხაძემ ტაშკენტში, შოთა რუსთაველის სახელობის სკვერში მდებარე დიდი ქართველი პოეტის ძეგლი ყვავილებით შეამკო.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, თინათინ რუხაძემ თელავში ბატონის ციხის კარის ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.