მიტროპოლიტმა შიომ დიდი მარხვის მეორე კვირას სამების საპატრიარქო ტაძარში იქადაგა
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ გრიგოლ პალამას სწავლებაზე, ღვთის ხატებასა და ადამიანის ღვთაებასთან თანაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) დიდი მარხვის მეორე კვირას სამების საპატრიარქო ტაძარში საღვთო ლიტურგია აღავლინა და მრევლს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ს ლოცვა-კურთხევა გადასცა.
ქადაგებაში მიტროპოლიტმა აღნიშნა, რომ დიდი მარხვის პირველი კვირა ეკლესიაში მართლმადიდებლური ხატთაყვანისცემის გამარჯვებას ეძღვნება. მისი განმარტებით, მეშვიდე მსოფლიო კრების მამებმა დაადასტურეს ეკლესიის სწავლება, რომლის მიხედვითაც უხილავი ღმერთის გამოსახვა შესაძლებელია, რადგან განკაცებით ღმერთმა ადამიანური ბუნება მიიღო, ხოლო ადამიანი ღვთის ხატად და მსგავსად არის შექმნილი.
მისივე თქმით, მარხვა სინანულის განსაკუთრებული დროა, თუმცა ჭეშმარიტი სინანული მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც ადამიანი ხედავს არა მხოლოდ საკუთარ დაცემულობას, არამედ ღვთის წყალობასა და სიყვარულსაც. მიტროპოლიტმა აღნიშნა, რომ მხოლოდ ცოდვებზე ფოკუსირება შეიძლება ადამიანს სასოწარკვეთილებამდე მიიყვანოს, ამიტომ ეკლესია მორწმუნეებს ახსენებს მათში არსებულ ღვთის ხატებას და იმ სულიერ სიმაღლეს, რომლისკენაც ადამიანი არის მოწოდებული.
ქადაგებაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დიდი მარხვის მეორე კვირას, რომელიც წმინდა გრიგოლ პალამას ეძღვნება. მიტროპოლიტ შიოს თქმით, გრიგოლ პალამას სწავლებით, ღვთის ხატება ადამიანში არის საღვთო ნათელი — არა ფიზიკური შუქი, არამედ ის სულიერი სინათლე, რომლითაც უფალი იესო ქრისტე თაბორის მთაზე ფერისცვალებისას გაბრწყინდა.
მისივე განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ცოდვები ამ სინათლეს აბნელებს, ღვთის ხატება ადამიანში წარუშლელია და ყოველი ადამიანი ატარებს საღვთო დიდების ამ სხივს. მიტროპოლიტმა ასევე ისაუბრა საღვთო ენერგიაზე, ანუ მადლზე, რომელიც ადამიანში მოქმედებს და მას ღმერთთან თანაზიარების შესაძლებლობას აძლევს.
ქადაგებისას მეუფე შიომ აღნიშნა, რომ წმინდა გრიგოლ პალამას სწავლებით ადამიანი მოწოდებულია ღვთაებასთან თანაზიარებისთვის და ამის განხორციელება შესაძლებელია მაშინ, როდესაც ადამიანი მიჰყვება იმ სულიერ გზას, რომელსაც მართლმადიდებელი ეკლესია მიუთითებს.
როგორც მიტროპოლიტმა ქადაგებაში აღნიშნა:
„სასუფეველი ღვთისა, ძვირფასო ძმებო და დებო, არსებობს ჩვენ გარეთ ობიექტურად, მაგრამ ხომ გახსოვთ, რას ამბობს უფალი ჩვენი იესო ქრისტე ასევე: „სასუფეველი ღვთისა თქვენშია“ (ლკ. 17, 21). აი, სწორედ ეს არის თანაზიარება ღვთისა, სწორედ ეს არის განღმრთობა. იმისთვის, რომ ჩვენში გაიხსნას სასუფეველი ღვთისა, საჭიროა, დავუჯეროთ, მივენდოთ ჩვენს დედაეკლესიას, რომელიც აუცილებლად მიგვიყვანს (თუ ასე მივენდობით და დავუჯერებთ) იმ ბედნიერებამდე, რომ გაიხსნება ჩვენში ყოველივე საუკეთესო, ყველაზე წმინდა, რაც კი შეიძლება არსებობდეს. ეს არის თანაზიარება ღმერთთან, რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.“
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, 8 მარტს ნეტარი მატრონას წმიდა ნაწილთა აღმოყვანების დღეა.