დიდი მარხვის მოსამზადებელი, შენდობის (მიტევების) კვირა
შენდობის (მიტევების) კვირა არის ბოლო კვირა დიდმარხვის დაწყებამდე. ამ დღეს მართლმადიდებლები ერთმანეთისგან პატიებას ითხოვენ.
ამ დღის მსახურებაზე იკითხება სახარების ნაწილი მიტევებისა და მარხვის შესახებ (მათე 6:14-21). საღამოს ტაძრებში ტარდება სპეციალური მსახურება და შენდობის წესის აღსრულება, სადაც მღვდელი და მრევლი ერთმანეთისგან პატიებას ითხოვენ. შენდობის ტრადიცია ჩამოყალიბდა ადრეული ქრისტიანობის პერიოდში, როდესაც მონასტრული ცხოვრება ძლიერ განვითარდა ეგვიპტესა და პალესტინაში. ძველი დროის ბერები დიდმარხვას უდაბნოში განმარტოებით ატარებდნენ. ისინი კვირა დღეს, მარხვის დაწყებამდე ერთმანეთისგან პატიებას ითხოვდნენ და დამშვიდებული სინდისით ემშვიდობებოდნენ ერთმანეთს, რადგან არ იცოდნენ, დაბრუნდებოდნენ თუ არა ცოცხლები. ამ პრაქტიკამ საფუძველი ჩაუყარა მიტევების განსაკუთრებულ წესს.
შენდობის კვირას მართლმადიდებელ ეკლესიაში ასევე ეწოდება „ადამის სამოთხიდან განდევნის კვირა“. ამ დღეს წმინდა ეკლესია გვახსენებს ადამის სამოთხიდან განდევნას — იმას, თუ როგორ განაშორა ურჩობამ და მარხვის დარღვევამ ადამიანი ღმერთს. ადამმა დაუმორჩილებლობით დაკარგა სამოთხე, ხოლო ჩვენ მორჩილებითა და მარხვით ვიწყებთ გზას მისკენ დაბრუნებისთვის.
ეს დღე გვასწავლის, რომ მარხვა მხოლოდ საკვებისგან თავშეკავება არ არის. ჭეშმარიტი მარხვა იწყება გულში — წყენის დატევებით, შერიგებითა და ურთიერთმიტევებით. როგორც სახარება გვაუწყებს: თუ ჩვენ მივუტევებთ ერთმანეთს, ზეციერი მამაც მოგვიტევებს ჩვენ.
შენდობის კვირა არის არა დასასრული, არამედ დასაწყისი — სინანულის, სიმდაბლისა და ღმერთთან შერიგების გზის დასაწყისი, რათა მარხვა ვიწყოთ სუფთა გულით და აღდგომის სიხარულამდე ღირსეულად მივიდეთ.
იოანე ოქროპირი „არაფერია ისე მიმსგავსებული ღმერთს, როგორც მიტევება. როცა შენდობას აძლევ, ღმერთს ემსგავსები.“
ბასილი დიდი „მარხვა, რომელსაც სიყვარული არ ახლავს, ცარიელია; ხოლო სიყვარული პირველ რიგში შენდობაში გამოიხატება.“
ისააკ ასური „გული, რომელიც მტერს არ პატიობს, ვერ შეიცნობს მშვიდობას. შენდობა არის სულის განკურნება.“
IV–V სს. პატერიკიდან „თუ ძმას არ შეურიგდი, ნუ იფიქრებ, რომ ღმერთთან შერიგდი.“
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მართლმადიდებელი ეკლესია 20 თებერვალს წმინდა კეთილმსახურ მეფე სოლომონ II-ს მოიხსენებს.