თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში ნესტან სულავას საჯარო ლექცია გაიმართა
პროფესორმა ქართული ჰიმნოგრაფიის განვითარების ეტაპებსა და ქართული გალობის მრავალხმიანობის თავისებურებებზე ისაუბრა.
2026 წლის 13 თებერვალს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში გაიმართა შეხვედრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთან, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორ ნესტან სულავასთან. ლექციის თემა იყო „ქართული ჰიმნოგრაფიის განვითარების ეტაპები და ქართული გალობის მრავალხმიანობის საკითხი.“
შეხვედრის ფარგლებში მომხსენებელმა დეტალურად მიმოიხილა ქართული ჰიმნოგრაფიის განვითარების ძირითადი ეტაპები — ადრეული, კლასიკური და გვიანდელი პერიოდი. მან ყურადღება გაამახვილა ქართული ჰიმნოგრაფიული სკოლების თავისებურებებზე, მათი საღვთისმეტყველო, ლიტერატურულ-ისტორიული, სიმბოლურ-სახეობრივი და იდეოლოგიური მნიშვნელობის გათვალისწინებით.
ნესტან სულავამ ასევე ისაუბრა საგალობელთა გამომსახველობით საშუალებებსა და ტერმინოლოგიაზე, რაც ქართული საეკლესიო პოეზიისა და მუსიკალური ტრადიციის სიღრმისეულ გააზრებას უწყობს ხელს. ლექციის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო ქართული საეკლესიო გალობის მრავალხმიანობის ისტორიასა და მის უნიკალურობას.
მომხსენებელმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო ქართული და ბიზანტიური საგალობლების მუსიკალური და პოეტიკური განსხვავებები და აღნიშნა, რომ ქართული გალობის მრავალხმიანობა წარმოადგენს ეროვნული ეკლესიური მუსიკის გამორჩეულ და ორიგინალურ ნიშანს, რაც მის განსაკუთრებულ იდენტობას უსვამს ხაზს.
ლექციას ესწრებოდნენ თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები. შეხვედრა საინტერესოდ და ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა და დამსწრე საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო მნიშვნელობა შეიძინა.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, სამი დიდი მღვდელთმთავრის ხსენების დღე კეხიჯვარში აღინიშნება.