22 იანვარს ეკლესია წმიდა მოწამე პოლიევქტო მხედარს მოიხსენებს

2824
22 იანვარი 19:22
17
წმიდა მოწამე პოლიევქტო. ფოტო: მართლმადიდებლური ხატები წმიდა მოწამე პოლიევქტო. ფოტო: მართლმადიდებლური ხატები

ქრისტესთვის თავდადებული მხედარი, რომელმაც სარწმუნოება წამებით აღიარა და აღთქმებისა და ხელშეკრულებების მფარველად იწოდება.

22 იანვარს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია წმიდა მოწამე პოლიევქტო მხედრის ხსენების დღეს აღნიშნავს. წმიდანი იმპერატორ დეკიუსის (249–251) ლაშქარში მსახურობდა, ხოლო ქრისტესთვის წამება ვალერიანის ზეობისას (253–259) დაითმინა.

წმიდა პოლიევქტო მეგობრობდა მტკიცე ქრისტიან მხედარ ნეარქთან. მიუხედავად ღვთისმოშიშებისა, იგი თავდაპირველად წარმართად რჩებოდა, თუმცა ქრისტიანთა დევნის დაწყებისას წმიდანმა ძილში იხილა უფალი იესო ქრისტე, რომელმაც იგი ბრწყინვალე სამოსით შემოსა. ამ ხილვის შემდეგ პოლიევქტომ მტკიცედ გადაწყვიტა ქრისტეს სამსახურში ჩადგომა.

სულით ანთებული წმიდანი ქალაქის მოედანზე გავიდა, ჩამოგლიჯა და დახია მეფის ბრძანება, რომელიც კერპთაყვანისცემას ავალდებულებდა, და დაამსხვრია წარმართული კერპები. ამ საქციელმა შიში მოჰგვარა მის სიმამრს, მმართველ ფელოქსს, თუმცა არც ცოლის ცრემლებმა და არც ახლობლების თხოვნამ ვერ შეაცვლევინა პოლიევქტოს გადაწყვეტილება. წმიდანმა სიხარულით მოუდრიკა თავი მახვილს და საკუთარი სისხლით მოინათლა (+259).

ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ, მოციქულთასწორ კონსტანტინეს დროს, ქალაქ მელიტინში წმიდა მოწამე პოლიევქტოს სახელობის ტაძარი აღიმართა, სადაც მრავალი სასწაული აღესრულებოდა. წმიდანის მეოხებით უშვილო მშობლებს მემკვიდრე ებოძათ, მათ შორის იყვნენ წმიდა ექვთიმე დიდის მშობლებიც. წმიდა პოლიევქტოს განსაკუთრებულ პატივს მიაგებდა მღვდელმთავარი აკაკი მელიტინელი — III მსოფლიო კრების მონაწილე და მართლმადიდებლობის დიდი დამცველი.

მართლმადიდებლურ ტრადიციაში წმიდა მოწამე პოლიევქტო დადებული აღთქმებისა და ხელშეკრულებების მფარველად ითვლება.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, სამთავროს დედათა მონასტრის კრებულმა დედა იღუმენიას 78 წლის იუბილე მიულოცა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ