მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის, ყოვლადუსამღვდელოეს მელქისედეკის საშობაო ეპისტოლე

7 იანვარი 19:21
171
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის, ყოვლადუსამღვდელოეს მელქისედეკი. ფოტო: ეპარქიის გვერდი მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის, ყოვლადუსამღვდელოეს მელქისედეკი. ფოტო: ეპარქიის გვერდი

ქრისტესმიერ საყვარელო ძმანო და დანო! ქრისტე იშვა!

ყოვლადძლიერი, ყოვლისმპყრობელი, ყოვლადმოწყალე და ყოვლადკეთილი უფლის მადლითა და წყალობით, კიდევ ერთხელ მხვდა წილად ბედნიერება, რომ ამ წმინდა სამღვდელთმთავრო კათედრიდან მომელოცა თქვენთვის მაცხოვრის შობის დღესასწაული, რომელიც იმედითა და სიხარულით აღგვავსებს თითოეულს.
თითქოს დაფიქრებაც კი ვერ მოვასწარით ისე გაილია ქარტეხილებითა და განსაცდელებით აღსავსე კიდევ ერთი წელი. თითქოს გუშინ იყო ერთად რომ ვიდღესასწაულეთ შობის დღესასწაული, გავუზიარეთ ერთმანეთს სიხარული, გავამხნევეთ მოყვასი და გაცისკროვნებული სახეებით გავეშურეთ ჩვენი თბილი სახლებისკენ. მაგრამ არა, იმ დღის შემდეგ არათუ ერთმა დღემ, არამედ ერთმა წელმა განვლო. ყოველდღიური პრობლემებით მოცულთ გვიჭირს შევიგრძნოთ თუ როგორ სწრაფად გადის დრო. გვიჭირს გავიაზროთ, რომ ყოფითი მოცემულობის მიღმა სხვა, არსებითი საკითხებიც არსებობს და გვმართებს დავფიქრდეთ თუ რატომ ვცხოვრობთ ამ ქვეყნად, რა მისია გვაკისრია, ერთი მხრივ, როგორც ღვთის ხატად და მსგავსად შექმნილ პიროვნებებს, მეორე მხრივ კი როგორც ერს და საერთოდაც, რატომ მოვევლინეთ ამ ქვეყანას? მაცხოვრის შობის დღე სწორედ ამგვარ ეგზისტენციალურ თემებზე დაგვაფიქრებს.

საქართველოს ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული და ქართველი „ერის მამად“ სახელდებული ილია მართალი (ჭავჭავაძე) წერს: „ადამიანი რაღაც ლოდინშია, გარღვეულ უფსკრულის წინაშე მდგომარე, სასოს არ იკვეთს, რომ მოვა მაცხოვარი და თავის ყოვლად-მხსნელს ხელსა მომაწვდისო, სასოებით აღსავსენი, სულით განდიდებულნი და აღფთოვანებულნი წინასწარმეტყველნი წინათ-ჰგრძნობენ ამა მოსვლასა და ვითა მახარობელნი ნუგეშს სცემენ გულწასულს ადამიანს, მოვაო, ოღონდ შენ განმზადნე გზანი მისნიო“.
დიახ! ქრისტე მოვა. ეს საღვთო განგებულებაა, რომელსაც ადამიანის მოქმედება ვერ შეცვლის. ჩვენ უბრალოდ გზა უნდა გავუმზადოთ მას. როგორ? უნდა გვახსოვდეს, რომ თუკი უპოვარს შევიფარებთ, მშიერს დავაპურებთ, შეშინებულს ვანუგეშებთ, სასოწარკვეთილს იმედს დავუბრუნებთ და დაჩაგრულს გავამხნევებთ, აუცილებლად გავამზადებთ იმ გზას და გავათბობთ იმ ბაგას, რომელშიც ყოვლადძლიერი, ყოვლისმპყრობელი, ყოვლადმოწყალე და ყოვლადკეთილი უფალი იშვება.
ეკლესიის დიდი მამა - წმინდა ათანასე ალექსანდრიელი ძალიან მკაფიოდ გვიხსნის, რომ ღვთის სიტყვა განკაცდა, რათა ჩვენ განვღმრთობილიყავით. ამ სიტყვებში არანაირი გადაჭარბება და გაზვიადება არაა. თვით ღმერთი, მთელი სამყაროს შემოქმედი დამდაბლდა და ჩვენი მსგავსი კაცი გახდა, რათა ადამიანი გამხდარიყო ღმერთი. საოცარია ამ დღის მისტერია, საღვთისმეტყველო მნიშვნელობა და ძალა. სწორედ ამას ვდღესასწაულობთ ამ წმინდა ტაძარში შეკრებილნი - კაცობრივი გონებისთვის ყოვლადმიუწვდომელი საიდუმლოს აღსრულებას! ქრისტეს შობას!
ქრისტესმიერ საყვარელო ძმანო და დანო, დაე ქრისტეს შობის ნათელმა განგანათლოთ, დაგიცვათ და დაგიფაროთ თქვენ და სრულიად საქართველო!
თქვენთვის მლოცველი -
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი
მელქისედეკი (ხაჩიძე)
ქრისტეშობა 2026

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, სომხური სამოციქულო ეკლესია 6 იანვარს ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ