სომხეთში პატრიარქ გარეგინ II-ის ძმა და ძმისშვილი დააკავეს
ეჩმიაძინის მერობის კანდიდატი წინასაარჩევნო აგიტაციის ხელშეშლაში ადანაშაულებს.
სომხეთში, პატრიარქ გარეგინ II-ის ძმა, გევორქ ნერსესიანი, და ძმისშვილი, ამბარცუმ ნერსესიანი, სამართალდამცველებმა დააკავეს. მათი დაკავება უკავშირდება ეჩმიაძინის მერობის ერთ-ერთი კანდიდატის საჩივარს, რომლის მიხედვითაც ნერსესიანები წინასაარჩევნო აგიტაციის ხელშეშლაში არიან ეჭვმიტანილი. ინფორმაციას ავრცელებს საიტი news.am .
დაკავებულების ადვოკატი აცხადებს, რომ საქმეში დანაშაულის ნიშნები არ არის და ნერსესიანებმა გამოძიებას უკვე ჩვენებებიც მისცეს. ამჟამად დაკავებულები სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან.
შეგახსენებთ, ოქტომბერში, სომხეთის უსაფრთხოების სამსახურებმა ეკლესიის რამდენიმე ეპარქია გაჩხრიკეს და ათზე მეტი სასულიერო პირი დააკავეს, მათ შორის — ეპისკოპოსი მკრტიჩ პროშიანი, რომელიც კათალიკოსის ბიძაშვილია. დაკავებულებს არეულობის წახალისება ედებათ ბრალად. ეკლესიამ მაშინაც დაგმო ეს ნაბიჯი და ეკლესიაზე სახელმწიფოს ზეწოლად შეაფასა.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, სომეხი ეპისკოპოსი: ჩვენს ქვეყანაში ეკლესიის დაცვა დანაშაულად იქცა.