26 ოქტომბერს მართლმადიდებლური ეკლესია წმინდა მოწამეების დღეს აღნიშნავს

2824
26 ოქტომბერი 2025 11:46
15
წმინდა ანტონ ჭყონდიდელი . ფოტო: ღია წყარო წმინდა ანტონ ჭყონდიდელი . ფოტო: ღია წყარო

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი გიამბობთ მათი ცხოვრების შესახებ.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 26 ოქტომბერს ღირსი ანტონ ჭყონდიდელის და მისი მოწაფის იაკობ ხუცესმონოზონის; ასევე მოწამეების კარპეს, პაპილე დიაკონის, აღათოდორეს და აღათონიკას, ფლორენტის, ბენიამინის და ქრისას ხსენების დღეს აღნიშნავს.

ანტონ ჭყონდიდელი

ანტონ ჭყონდიდელი - საქართველოს ეკლესიის ერთ-ერთი თვალსაჩინო მოღვაწე - დაიბადა სამეგრელოს მთავრის, ოტია დადიანის მრავალშვილიან ოჯახში.

დედა - გულქანი - რაჭის ერისთავის შოშიტა III-ის ქალიშვილი იყო. ოჯახში ხუთი ვაჟი და ერთი ასული - მარიამი იზრდებოდა (შემდგომში იმერეთის დედოფალი, ცოლი სოლომონ დიდისა). შვილებს პირველდაწყებითი განათლება დედამ მისცა. ის იყო ძველი დედების ტრადიციების გამგრძელებელი ქალი, რომლის ცოცხალი სარწმუნოება და კეთილი საქმეები მისაბაძი იყო ყველასათვის. მამის გარდაცვალების შემდეგ ახალგაზრდა ანტონი (მისი საერო სახელი უცნობია) ძმის, კაცია დადიანის კარზე იზრდებოდა. მას საერო მოღვაწედ ამზადებდნენ და ამიტომაც საღვთო წერილსა და მამათა შრომებზე უფრო ღრმად საერო მწერლობა, პოეზია, ფილოსოფია და ხელოვნება შეასწავლეს. ანტონი ფლობდა თათრულ ენასაც, რომელიც იმ დროისათვის ძალზე პრესტიჟული და აუცილებელი იყო, მაგრამ მოხდა ისე რომ ანტონმა მონაზვნობა გადაწყვიტა და მალე აღიკვეცა კიდეც.

წმიდა მოწამენი: კარპე, თიატირელი ეპისკოპოსი, პაპილა დიაკონი, აღათოდორე და აღათონიკა

წმიდა მოწამენი: კარპოსი, თიატირელი ეპისკოპოსი, პაპილა დიაკონი, აღათოდორე და აღათონიკა ერთი ცნობით, იმპერატორ მარკუს ავრელიუსის (160-181) ზეობისას, სხვა წყაროს მოწმობით კი - დეკიუსის (249-251) მეფობაში, 251 წელს ეწამნენ ქრისტესთვის.

ოლქის მმართველმა, სადაც უფლის რჩეულები ცხოვრობდნენ, შეიტყო, რომ კარპოსი და პაპილა წარმართულ დღესასწაულებში არ მონაწილეობდნენ და ბრძანა, მისთვის მოეგვარათ კანონის დამრღვევები. მსაჯულის ბრძანებით წმიდანები გააშიშვლეს და ბორკილებასხმულებს შემოატარეს მთელი ქალაქი. შემდეგ ისინი ცხენებზე გამოაბეს და თიატირიდან (ლიდია) მომიჯნავე ქალაქ სარდში წაათრიეს. მარტვილებს ნებით თან გაჰყვა მათი მსახური - აღათოდორე, რომელიც ჯალათებმა ხარის ძარღვების ცემით მოკლეს. კარპოსი და პაპილა წამების შემდეგ მიზიის ქალაქ პერგამონში გაგზავნეს. აქ წმიდანები საშინლად აწამეს და ბოლოს გახურებულ ღუმელში შეყარეს. ქურაში მარტვილებთან ერთად შევიდა წმიდა აღათონიკეც, მაგრამ ღვთის ნებით, ყველანი უვნებლად გადარჩნენ - უეცრად ზეცით გარდმომხდარმა ძლიერმა წვიმამ ცეცხლი ჩააქრო. უღმერთოებმა სამივეს თავები მოჰკვეთეს.

წმიდა მოწამე ფლორენტი

წმიდა მოწამე ფლორენტი თესალონიკში ცხოვრობდა. იგი უშიშრად ამხელდა კერპთმსახურთა ცრუსარწმუნოებას და ქრისტეს სჯულს ქადაგებდა. ამისათვის უფლის რჩეული წარმართებმა შეიპყრეს და აწამეს, შემდეგ კი კოცონში ჩააგდეს, სადაც აღესრულა კიდეც. ერთი ცნობით, ეს მოხდა I-II საუკუნეებში, სხვა ცნობით კი - III საუკუნის დასაწყისში.

წმიდა მოწამე ბენიამინე დიაკონი

წმიდა მოწამე ბენიამინე დიაკონმა მრავალი სპარსი წარმართი მოაქცია ქრისტიანობაზე. სახარების ქადაგებისთვის მას წამებით ამოხადეს სული V საუკუნეში. ნეტარი მარტვილი 31 მარტსაც იხსენიება მღვდელმოწამე აბდია ეპისკოპოსთან ერთად.

წმიდა დიდმოწამე ქრისა (ზლატა) მოგლენელი

წმიდა დიდმოწამე ქრისა (ზლატა) მოგლენელი, დაიბადა და ცხოვრობდა ბულგარეთში. იმ დროს მისი სამშობლო თურქების უღელქვეშ იტანჯებოდა. სიყმაწვილიდანვე ზლატა საოცრად მტკიცე ხასიათით, ქრისტესადმი ურყევი სასოებით, კეთილგონიერებითა და მშვენიერებით გამოირჩეოდა. მათ სოფელში დამკვიდრებული ერთი თურქი დიდხანს ეცადა, მოეხიბლა ქალწული და ისლამზე მოექცია, მაგრამ ვერც შეგონებებით, ვერც მუქარითა და ვერც საშინელი წამებით, რომელიც მრავალი თვის მანძილზე გრძელდებოდა, ვერ მოდრიკა მხნე აღმსარებელი.

 

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ