ხაშურში „ახალი ბანას“ მომღერალთა გუნდის დასკვნითი კონცერტი გაიმართა
სამუსიკო სკოლაში გამართულ ღონისძიებას სასულიერო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ხაშურის სამუსიკო სკოლაში „ახალი ბანას“ მომღერალთა გუნდმა დასკვნითი კონცერტი გამართა. ღონისძიების ფარგლებში შესრულდა ქართული ტრადიციული საგალობლები, საქართველოს სხვადასხვა კუთხის ფოლკლორული ნიმუშები, ასევე ქალაქური და საკომპოზიტორო ნაწარმოებები. კონცერტს ლაშა გელაშვილი უძღვებოდა.
ღონისძიებას დაესწრნენ მისი ყოვლადუსამღვდელოესობა სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი მეუფე სვიმეონი და ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი პაატა ჩადუნელი.
მერმა პაატა ჩადუნელმა აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტი დიდად აფასებს ანსამბლის მამულიშვილურ საქმიანობას და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სცენა ახალგაზრდა და ნორჩ ნიჭიერ შემსრულებლებს ეთმობა. მისი თქმით, „ახალი ბანა“ მნიშვნელოვან სიტყვას იტყვის ქართული პოლიფონიის განვითარების საქმეში.
მეუფე სვიმეონმა მადლობა გადაუხადა ანსამბლის წევრებს ქართული კულტურისა და პოლიფონიის უანგაროდ სამსახურისთვის. მან განმარტა, რომ ანსამბლის სახელწოდება „ახალი ბანა“ უკავშირდება დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს გზასაყარზე, ხაშურში მშენებარე ტაძარს, რომელიც ისტორიულ ტაო-კლარჯეთში არსებული ბანას ანალოგია და მის კონცეფციას ეფუძნება. მეუფის თქმით, ტაძრის მშენებლობის დასრულების შემდეგ ანსამბლის წევრები მოღვაწეობას უკვე ახალ კათედრალში გააგრძელებენ და ქართული კულტურის განვითარებაზე ზრუნვას განაგრძობენ.
„ახალი ბანას“ მომღერალთა გუნდი მეუფე სვიმეონის ლოცვა-კურთხევითა და დავით ცინცაძის ძალისხმევით 2022 წელს შეიქმნა.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, კასპის წმინდა გიორგის ტაძარში შეჭირვებულთა დასახმარებელი საქველმოქმედო აქცია გაიმართება.