თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა
ღონისძიება უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის აღსაყდრებიდან 48-ე და დაბადებიდან 93-ე წლისთავს მიეძღვნა.
17 დეკემბერს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში, საქართველოს ისტორიის კათედრის გამგის, ისტორიის მეცნიერებათა და თეოლოგიის დოქტორის, პროფესორ სერგო ვარდოსანიძის ხელმძღვანელობით, გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის აღსაყდრებიდან 48-ე და დაბადებიდან 93-ე წლისთავს მიეძღვნა.
კონფერენცია შესავალი სიტყვით გახსნა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, ფილოლოგიის, თეოლოგიისა და პოლიტოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ. მან დამსწრე საზოგადოებას მიესალმა და უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს იუბილე მიულოცა, რითაც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს ეკლესიის მეთაურის უდიდეს ღვაწლს ერისა და ეკლესიის წინაშე. რექტორმა აღნიშნა, რომ პატრიარქის მოღვაწეობა ეკლესიის აღორძინების, სიწმინდით ცხოვრების და მძიმე განსაცდელებთან ბრძოლის მაგალითია, რაც დიდ ცოდნას, განათლებასა და პიროვნულ ღირსებებს მოითხოვს.
კონფერენციის ფარგლებში მოხსენებებით წარდგნენ პროფესორი სერგო ვარდოსანიძე, აკადემიის III კურსის სტუდენტები შავლეგო გაბათაშვილი და არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი, ასევე თეოლოგიის დოქტორი ირაკლი ორჟონია. მომხსენებლებმა ისაუბრეს პატრიარქ ილია II-ის აღსაყდრებაზე, მისი ეპოქის ისტორიულ მნიშვნელობაზე, სასულიერო განათლების აღორძინებაზე, საქართველოს ეკლესიის ინსტიტუციურ და სულიერ გაძლიერებაზე, ასევე საერთაშორისო და კონფესიათაშორისი დიალოგის მიმართულებით გაწეულ ღვაწლზე.
კონფერენციის დასასრულს პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა ქვეყნის სულიერი წინამძღოლის განსაკუთრებული დამსახურება და უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს მრავალჟამიერი სიცოცხლე და სულიერი მხნეობა უსურვა. მან მადლობა გადაუხადა კონფერენციის ორგანიზატორს, მონაწილეებსა და დამსწრე საზოგადოებას.
ღონისძიებას ესწრებოდნენ თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პროფესორ-მასწავლებლები, თანამშრომლები და სტუდენტები. სხდომის დაწყებისა და დასრულებისას გალობდა სასულიერო სემინარიის მგალობელთა გუნდი ლაშა ზაალიშვილის ხელმძღვანელობით.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, საიუბილეო კრებულის წარდგენა თბილისის სასულიერო აკადემიაში გაიმართება.