ხსენება წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელისა (ძვ.სტ.)
12 (25) დეკემბერს აღინიშნება ხსენება წმიდა სპირიდონისა, ტრიმიფუნტელი (ტრიმითინტელი) ეპისკოპოსისა, საკვირველთმოქმედისა.
წმიდა სპირიდონ ტრიმიფუნტელი კუნძულ კვიპროსზე დაიბადა III საუკუნის დასასრულს. მისი ცხოვრების შესახებ ცნობები მწირადაა შემონახული. ცნობილია, რომ ის მწყემსი იყო, ჰყავდა ცოლ-შვილი, მთელ თავის სახსრებს შეჭირვებულ ახლობლებსა და მწირებს ახმარდა, რისთვისაც უფალმა სასწაულთქმედების ნიჭი მიმადლა: ნეტარი უკურნებელ ავადმყოფებს კურნავდა და ეშმაკებს განასხმიდა. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, იმპერატორ კონსტანტინე დიდის (306-337) ზეობისას, სპირიდონს კვიპროსის ქალაქ ტრიმიფუნტის ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. უფლის რჩეულს ამის შემდეგაც არ შეუცვლია ცხოვრების წესი. საეკლესიო ისტორიკოსების მოწმობით, წმიდა სპირიდონი 325 წელს პირველი მსოფლიო კრების მუშაობაში მონაწილეობდა. კრებაზე მღვდელმთავარი სიტყვიერ პაექრობაში ჩაერთო ბერძენ ფილოსოფოსთან, რომელიც არიოზის ერესს იცავდა. უფლის რჩეულის უბრალო სიტყვამ ყველას დაანახა კაცობრივი ამაოდბრძნობის უძლურება ღვთაებრივი სიბრძნის წინაშე: “მისმინე, ფილოსოფოსო, რას გეტყვი: ჩვენ გვწამს, რომ ყოვლადძლიერმა უფალმა თავისი სიტყვით არაფრისგან შეჰქმნა ზეცა, ქვეყანა, ადამიანი და მთელი ხილული და უხილავი სამყარო. ეს სიტყვა არის ძე ღვთისა, რომელიც ჩვენი ცოდვებისათვის გარდამოხდა ზეცით, ქალწულისაგან იშვა, კაცთა შორის იქცეოდა, ივნო, დაეფლა და შემდეგ აღსდგა, თავისი ვნებით გამოისყიდა რა პირველქმნილი ცოდვა და თანა აღადგინა ადამიანთა მთელი მოდგმა. გვწამს, რომ იგი თანაარსი და თანასწორია მამისა”. მღვდელმთავართან საუბრის შემდეგ მართლმადიდებლობის მტერი მისი მოშურნე დამცველი გახდა. მან თავის მეგობრებს უთხრა: “სანამ არგუმენტებით მეპაექრებოდნენ, მე სხვა არგუმენტებს ვიშველიებდი და კამათის ხელოვნებით ვჯაბნიდი მეტოქეს, მაგრამ როცა გონებიდან მომდინარე დასაბუთებების ნაცვლად ბერის ბაგეებიდან რაღაც განსაკუთრებული ძალა გადმოიფრქვა, ჩემი სიტყვა უძლური გახდა, რადგან ადამიანს არ ძალუძს ღმერთს წინ აღუდგეს. თუ რომელიმე თქვენთაგანს შეუძლია, ისევე იფიქროს, როგორც მე ვფიქრობ, ირწმუნოს ქრისტე და ჩემთან ერთად შეუდგეს ამ ბერს, ვისი ბაგეებითაც თვით უფალი მეტყველებდა”.
სოკრატე სქოლასტიკოსის ცნობით, ერთხელ ქურდებს წმიდა სპირიდონის ცხვრების მოპარვა განუზრახავთ და ბნელ ღამეში ფარეხში გადაპარულან, მაგრამ უჩინარ ძალას ისინი იქვე შეუბოჭავს. დილით მეუფე ფარასთან მისულა, ავაზაკები გაუთავისუფლებია და დაურწმუნებია დაეგდოთ უსჯულო ცხოვრება და საზრდელი პატიოსანი შრომით მოეპოვებინათ. ბოლოს კი ორივესთვის თითო ცხვარი უჩუქნია.
წმიდა სპირიდონის მთელი ცხოვრება საკვირველი უბრალოებითა და უფლის ძალით აღსრულებული სასწაულებით იყო გაბრწყინებული. ნეტარმა სპირიდონმა სიმართლითა და სიწმიდით გაატარა მიწიერი ცხოვრება და დაახლოებით 348 წელს მშვიდობით მიიცვალა. უფლის რჩეულის წმიდა ნაწილები – გარდა მარჯვენისა, რომელიც რომშია დაცული, – კუნძულ კორფუზე, მისივე სახელობის ტაძარშია დაბრძანებული. წმიდა მღვდელმთავარს ეკლესია ყველიერის შაბათსაც იხსენიებს.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირმა ადრე გაავრცელა ინფორმაცია, რომ 8 დეკემბერს მართლმადიდებელი ეკლესია მღვდელმოწამე კლიმენტის იხსენიებს.