თბილისის სასულიერო აკადემიაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
პროექტი „მე, ოჯახი, სახელმწიფო“ სტუდენტებს საგანმანათლებლო შეხვედრებსა და დასაქმების შესაძლებლობებს სთავაზობს.
2025 წლის 20 ნოემბერს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში დემოგრაფიული აღორძინების ფონდის თავმჯდომარემ, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორმა და პროფესორმა თამარ ჩიბურდანიძე-ლომთათიძემ საინფორმაციო შეხვედრა გამართა. შეხვედრის ფარგლებში მან სტუდენტებს გააცნო ახალგაზრდობის სააგენტოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და ისაუბრა საგრანტო კონკურს „ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერების“ მნიშვნელობაზე.
პროექტი „მე, ოჯახი, სახელმწიფო“, რომელიც სააგენტოს მხარდაჭერითა და თბილისის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება, ახალგაზრდებს სთავაზობს როგორც საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრებს, ისე — სურვილის შემთხვევაში — დასაქმების შესაძლებლობებს.
12 ნოემბერს პროექტის საჯარო პრეზენტაცია გაიმართა, ამ ეტაპზე კი მიმდინარეობს განხორციელების მეორე ფაზა, რომელშიც აქტიურად არის ჩართული თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია. შეხვედრა არაოფიციალურ, თავისუფალ გარემოში შედგა, რაც ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევდა მონაწილეობა მიეღოთ აქტიურ დიალოგში.
ქალბატონმა თამარმა დეტალურად წარმოადგინა პროექტის მიზნები, ეტაპები, ნომინაციები და ჩართულობის პირობები. პრეზენტაციის შემდეგ მან ამომწურავი პასუხები გასცა სტუდენტების მიერ დასმულ კითხვებს.
პროექტის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრები 20 ნოემბრიდან 7 დეკემბრის ჩათვლით თბილისის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში გაგრძელდება, ხოლო 8–12 დეკემბერს შეხვედრები საქართველოს უნივერსიტეტულ ქალაქებში გაიმართება. შეხვედრებს პროექტის ავტორი, თამარ ჩიბურდანიძე-ლომთათიძე შეუძღვება.
შეგახსენებთ, თბილისის სასულიერო აკადემიის სტუდენტებმა ბეთანიასა და მანგლისში ლექცია-სემინარი გაიარეს.