დეკანოზმა მამა შალვა კეკელიამ საკვირაო წირვა ჩაატარა ფერიცვალების ტაძარში
წირვის დასრულების შემდეგ მამა შალვამ მრევლს ქადაგებით მიმართა.
26 ოქტომბერს დეკანოზმა შალვა კეკელიამ ვაკის ფერიცვალების ტაძარში საკვირაო წირვა შეასრულა. მსახურების დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა. გთავაზობთ მცირე მონაკვეთს ქადაგებიდან: ,,ღმერთმა შეიწიროს თქვენი ტაძარში მოსვლა, ღმერთი შეგეწიოთ ამ მსახურებაში. თუ ადამიანი საკუთარ თავს ქრისტიანს უწოდებს, წარმოუდგენელია ის მსახურებას არ ესწრებოდეს, საკუთარ თავს ამ საოცარ მადლს აკლებდეს. როცა ადამიანი ხორციელს ხედავს და იქიდან სარგებელი აქვს, სულიერს ასე ადვილად ვერ დაინახავს თუ სულიერი თვალი არ აქვს, ამიტომაც ეზარება, იტანჯება და ვერ მოდის მსახურებაზე დასასწრებად, ან დაგვიანებით მოდის წირვაზე. ასე იქცევა რადგან მას გააზრებული არ აქვს. როდესაც გააზრებული აქვს ადამიანს სულიერი საზრდოს მნიშვნელობა, მთელი არსებით მოეშურება ტაძარში და არ უნდა არც ერთი წამით გამოტოვოს მსახურება.
ქრისტე ამბობს: ,,ვინც მე მიმიღებს და ვინც მემაღიარებს, მეც მას ვაღიარებ მამაჩემის წინაშე, ვინც მე არ მაღიარებს, მეც არ ვაღიარებ მას მამაჩემის წინაშე’’. ქრისტეს გარეშე ცხონება წარმოუდგენელია, ეკლესიის გარეშე გადარჩენა წარმოუდგენელია. შეგვეწიოს ყველას დიდი მამების მადლი!’’