წმ. ანდრიას უნივერსიტეტში კომპიუტერული მეცნიერების სტუდენტებმა შეხვედრა გამართეს
SANGU-მ და IT კომპანია „სოლვითმა“ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.
23 ოქტომბერს, წმინდა ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში (SANGU), დასაქმებისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით, კომპიუტერული მეცნიერების სტუდენტების შეხვედრა გაიმართა IT კომპანია SOLVIT-ის წარმომადგენლებთან.
შეხვედრას კომპანია „სოლვითის“ კომერციული დირექტორი ლევან მორჩილაძე და ტექნიკური დირექტორი ნიკოლოზ კაციტაძე ესწრებოდნენ. მათ სტუდენტებს გაუზიარეს ინფორმაცია კომპანიის საქმიანობის შესახებ, ისაუბრეს თანამედროვე IT ინდუსტრიის ტენდენციებსა და ამ სფეროში არსებული დასაქმების შესაძლებლობების შესახებ.
ღონისძიების დასრულების შემდეგ, წმინდა ანდრიას ქართულ უნივერსიტეტსა და კომპანია „სოლვითს“ შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც მიზნად ისახავს ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას, რესურსების გაზიარებასა და მაღალი კომპეტენციის მქონე კადრების მომზადების ხელშეწყობას.
მემორანდუმის ფარგლებში გათვალისწინებულია სტუდენტთა თეორიული და პრაქტიკული სწავლების თანამედროვე მიდგომების დანერგვა, სწავლის პროცესთან ერთად სამუშაო გამოცდილების შეძენა, კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობა და პრაქტიკული უნარების განვითარება.
აღნიშნული ინიციატივა წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს უნივერსიტეტისა და კერძო სექტორის თანამშრომლობის გაღრმავებისკენ, რაც სწავლების ხარისხის ამაღლებასა და სტუდენტთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობას ემსახურება.