ეპარქიებში განახლდა გაცნობითი და საბაზო გადამზადების შეხვედრები
საქართველოს საპატრიარქოსა და განათლების სამინისტროს თანამშრომლობით, სასულიერო პირები მონაწილეობენ „ღირებულებითი განათლებისა“ და სწავლების თანამედროვე მეთოდების შესახებ ტრენინგებში.
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს თანამშრომლობის ფარგლებში, ეპარქიებში განახლდა გაცნობითი და საბაზო გადამზადების შეხვედრების ორგანიზება.
პროექტის ფარგლებში სასულიერო პირებისთვის ტარდება ტრენინგები „ღირებულებითი განათლების“ და „სწავლა-სწავლების თანამედროვე მეთოდების“ შესახებ, რაც მიზნად ისახავს მათი პროფესიული განვითარების ხელშეწყობასა და ახალგაზრდებთან ეფექტიანი საგანმანათლებლო კომუნიკაციის გაღრმავებას.
პირველი შეხვედრა გაიმართა 19 ოქტომბერს, თბილისში, ბატონ შალვა ამონაშვილის აკადემიის სასესიო პავილიონში. ტრენინგს ესწრებოდნენ გურჯაანისა და ველისციხის, ასევე ალავერდისა და ბოდბის ეპარქიების სასულიერო პირები.
შეხვედრა გახსნა საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ, დეკანოზმა გურამ ჭარელაშვილმა. თანაწამყვანებად მონაწილეობდნენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის არაფორმალური განათლების პროგრამის ხელმძღვანელი ანი კუდუხაშვილი და ამავე ცენტრის არაფორმალური განათლების მხარდამჭერი პროგრამის კონსულტანტი მანანა ჯინჭარაძე. ტრენინგი ჩაატარა ფსიქოლოგმა რუსუდან კილაძემ.
სწავლის პროცესში მონაწილეები გაეცნენ „ღირებულებითი განათლების“ ძირითად პრინციპებს, არაფორმალური განათლების თავისებურებებსა და სწავლების თანამედროვე მიდგომებს, რაც ხელს უწყობს სასულიერო პირთა უნარების გაძლიერებას ახალგაზრდებთან კომუნიკაციაში და მათ სასწავლო-საგანმანათლებლო საქმიანობაში აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფას.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ბოლნისში ეთნო ფესტივალი გაიმართება.