საქართველოს საპატრიარქო მიმართვის წერილს აქვეყნებს

2824
18 ოქტომბერი 2025 17:39
51
ილია II სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. ფოტო: საპატრიარქოს გვერდი ილია II სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. ფოტო: საპატრიარქოს გვერდი

ჩრდილოეთ ამერიკის ქართული ეპარქიის ეპისკოპოს საბას, ჩრდილოეთ ამერიკის ქართული ეპარქიის სამრევლოს.

ყველას გულითადად მოგესალმებით და მოგილოცავთ დიდი ქართველი სასულიერო მოღვაწის, წმ. გრიგოლ ხანძთელის და ტაო-კლარჯეთის უდაბნოში IX საუკუნეში გაბრწყინვებულ ღირსთა მამათა და დედათა ხსენების დღეს.

საქართველოს ეკლესიის ცხოვრებაში გარდამტეხი მნიშვნელობისაა მათი ღვაწლი და ფრიად მახარებს, რომ ამერიკაში, ნიუ-ჯერსის შტატში, მოქმედი წმ. გრიგოლ ხანძთელის სახელობის სამრევლოს ძალისხმევით, სწორედ, ამ წმინდანის ხსენების დღეს იკურთხება ქართული ეკლესია.

მართალია, უცხოეთში არაერთგან აღევლინება ქართულად მსახურება, მაგრამ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრებაში მოქმედ ეკლესიათა რიცხვი მეტად მცირეა; ამდენად, ნიუ-ჯერსიში ჩვენი ტაძრის გახსნა კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს.

მინდა დავლოცო ჩრდილოეთ ამერიკაში მოღვაწე საქართველოს ეკლესიის სასულიერო პირნი და მათი სამწყსო, განსაკუთრებით კი ეპისკოპოსი საბა (ინწკირველი) და დეკანოზი მატათა ქარჩილავა, საერთოდ ყველა, ვინც ძალისხმევა და მონდომება არ დაიშურა აღნიშნული ეკლესიის შეძენისა და ფუნქციონირებისათვის.

თითოეულ თქვენგანს და სრულიად საქართველოს კიდევ ერთხელ ვულოცავ ამ ღირსშესანიშნავ დღეს და ამერიკაში წმ. გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესიის შემატებას. ვიმედოვნებთ, ეს სავანე კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ღვთის გზით თქვენს სვლას და თქვენში ქართული სულის განმტკიცებას.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ, განგამტკიცოთ, სიკეთითა და სიყვარულით აღგავსოთ და თქვენზეც განცხადდეს ეს სიტყვები წმ. გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებიდან: ,,ჟამსა ამას უცხოებისა... ჩვენისასა, ქრისტე, არა შემეშინოს ჩვენ ბოროტისაგან.“

ყოვლადწმინდა სამებამ მშვიდობით აკურთხოს ამერიკის შეერთებული შტატები და სრულიად საქართველო. ამინ!

ილია II

სრულიად საქართველოს

კათოლიკოს-პატრიარქი

18.10.2025

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ