ფოთისა და ხობის ეპარქიაში სამღვდელოების შეხვედრა გაიმართა
შეკრების მთავარი საკითხები: ლოცვა, ღირებულებითი განათლება და სამრევლო მდგომარეობა.
2025 წლის 9 ოქტომბერს, 17:00 საათზე, ფოთისა და ხობის საეპარქიო სახლში გაიმართა ეპარქიის სამღვდელოების ყოველთვიური შეკრება. კრებას თავმჯდომარეობდა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი.
შეხვედრაზე მეუფე გრიგოლმა ეპარქიის სამღვდელოებას გააცნო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევა, რომლის მიხედვითაც ეკლესია-მონასტრებში გაძლიერდეს ლოცვა საქართველოს ქრისტესმიერი მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სავედრებელ ლოცვებს წმიდა მღვდელმთავარ ნიკოლოზის მიმართ (პარაკლისი ან დაუჯდომელი), ხოლო მრევლს ეძლევა კურთხევა, დღეში სამჯერ აღავლინოს ლოცვა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიმართ:
„მოწყალებისა კარი განგვიღე კურთხეულო ღვთისმშობელო, რათა რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდეგთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა, ამინ“.
კრებაზე შემოტანილ იქნა ინფორმაცია საქართველოს განათლების სამინისტროსა და საპატრიარქოს ერთობლივი პროექტის შესახებ, რომელიც საჯარო სკოლებში ღირებულებითი განათლების დანერგვას ისახავს მიზნად. სამღვდელოება პროექტში ჩართვის შემდეგ საჭირო გადამზადებას გაივლის, რის შემდეგაც მიიღებენ შესაბამის სერთიფიკატებს.
შეხვედრის მეორე ნაწილში მონაწილეებმა ისაუბრეს ეპარქიის სამრევლოებში არსებული მდგომარეობის შესახებ, ხოლო ეპარქიის მდივანმა, დეკანოზმა ამბროსი ხოშტარიამ წაიკითხა მოხსენება თემაზე: „სამღვდელო მისია და მისიონერობის არსი“.
კრების დასკვნით ნაწილში გაიმართა აქტიური დისკუსია სულიერი და საერო ცხოვრების მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ეპარქიის ჩართულობას მრევლის სულიერ და საზოგადოებრივ განვითარებაში.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტი ფინეთის მუსიკოსებს მასპინძლობს.