ქადაგება სკოლებში – ღირებულებით განათლებას სასულიერო პირები ასწავლიან
საპატრიარქოსა და განათლების სამინისტროს ერთობლივი ინიციატივით, 50-ზე მეტ სკოლაში იწყება ღირებულებითი განათლების კლუბური შეხვედრები, სადაც სასულიერო პირები მოსწავლეებთან ეროვნულ და სულიერ თემებზე ისაუბრებენ.
საქართველოში განათლების სისტემაში ახალი მიმართულება – ღირებულებითი განათლება – აქტიურად იკიდებს ფეხს. პროგრამა, რომელიც უკვე 53 სკოლაშია დანერგილი, მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ეროვნული, სულიერი და კულტურული ცნობიერების გაღრმავებას. ინიციატივა განხორციელდება საპატრიარქოსა და საქართველოს განათლების სამინისტროს თანამშრომლობით, რაც ახალი ეტაპია ეკლესიისა და განათლების ერთობლივ საქმეში.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, მამა ანდრია ჯაღმაიძე აღნიშნავს, რომ სასკოლო სივრცეში სასულიერო პირების ჩართულობა შესაძლებლობას შექმნის, „საღვთო სიტყვის ქადაგება“ გახდეს ახალგაზრდების სულიერი აღზრდის ნაწილი. მისი თქმით, სასულიერო პირები შეძლებენ მოსწავლეებთან შეხვედრებზე ქრისტიანულ ფასეულობებზე, პასუხისმგებლობაზე და მეგობრობაზე ისაუბრონ.
განათლების მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი კი განმარტავს, რომ ეს შეხვედრები არ იქნება მხოლოდ რელიგიურ თემებზე ორიენტირებული – სასულიერო პირები იმსჯელებენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა მეგობრობა, სამშობლო, ოჯახი, ადამიანური ურთიერთობები, რაც დაეხმარება მოსწავლეებს სწორი ღირებულებითი ორიენტაციის ჩამოყალიბებაში.
პროგრამის ფარგლებში 7-დან 10-ე კლასის ჩათვლით შეიქმნა სპეციალური კლუბები, სადაც მოსწავლეები უშუალოდ სასულიერო პირებთან იმსჯელებენ თემებზე, რომლებიც მათ ყოველდღიურ ცხოვრებასა და ეროვნულ თვითშეგნებას უკავშირდება.
საპატრიარქოს ინფორმაციით, 8 ეპარქიაში 100-მდე სასულიერო პირია უკვე მომზადებული მასწავლებლის სახლის მიერ სპეციალური ტრენინგების გავლით. მათი ამოცანაა, მოზარდებში არა მხოლოდ რელიგიური ცოდნა გააღრმავონ, არამედ ეროვნული იდენტობის შეგრძნება და პატრიოტული დამოკიდებულება განუვითარონ.
ინიციატივა, როგორც ეკლესიაში, ისე საგანმანათლებლო სფეროში, შეფასებულია როგორც „საშვილიშვილო საქმე“, რომელიც მიზნად ისახავს მომავალი თაობის სულიერი და ზნეობრივი ფორმირების ხელშეწყობას.
როგორც განათლების სამინისტროში აცხადებენ, ღირებულებითი განათლების მიმართულება ეტაპობრივად გავრცელდება სხვა სკოლებშიც და გახდება საგანმანათლებლო გარემოს ბუნებრივი ნაწილი, სადაც ბავშვები უკეთ გაიცნობენ საკუთარ კულტურას, სარწმუნოებასა და ეროვნულ ფესვებს.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, 25 სექტემბერს (8 ოქტომბერს) ეკლესია აღნიშნავს კათალიკოს არსენ I-ის ხსენების დღეს.