ქართლის მოქცევის საიუბლეო წელთან დაკავშირებით მორიგი შეხვედრა გაიმართა

2824
2 ოქტომბერი 2025 15:47
29
საქართველოს ეროვნული მუზეუმის შენობა. ფოტო: ღია წყარო საქართველოს ეროვნული მუზეუმის შენობა. ფოტო: ღია წყარო

მოძრაობა „ის, რაც გვაერთიანებს,“ ქართლის მოქცევის 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით კიდევ ერთი შეხვერდა საქართველოს ერუვნულ მუზეუმში გაიმართა.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის დარბაზში საზოგადოებრივმა მოძრაობამ „ის, რაც გვაერთიანებს“ გამართა მორიგი შეხვედრა, რომელიც ქართლის მოქცევის 1700 წლის იუბილეს მიეძღვნა. მოძრაობა შეიქმნა მეცნიერებისა და კულტურის მოღვაწეთა ინიციატივით, მისი მიზანია თითოეულმა მოქალაქემ გააცნობიეროს საქართველოსთვის ამ ისტორიული თარიღის მნიშვნელობა და ღირსეულად შეუწყოს ხელი საიუბილეო წლის აღნიშვნას.

მოძრაობის ფარგლებში დაგეგმილია კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების სერია ქვეყნის მასშტაბით. სწორედ ამ მიზნით, ეროვნული მუზეუმის შეხვედრაზე შეიკრიბნენ სასულიერო პირები, მათ შორის ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი, მოძრაობის საინიციატივო ჯგუფის წევრები, მეცნიერები, ხელოვანები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.

მიტროპოლიტმა დანიელმა შეხვედრის მნიშვნელობაზე საუბრისას აღნიშნა:
„შეხვედრა მიზნად ისახავს მეცნიერებისა და კულტურის მოღვაწეებთან საუბარს იმ თემაზე, თუ როგორ უნდა აღინიშნოს ქართლის მოქცევის, ანუ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიის გამოცხადების 1700 წლისთავი მომავალ წელს, რომელიც 2026 წელს აღინიშნება. რა ღონისძიებები უნდა ჩატარდეს, რა როლი უნდა შეასრულოს ამაში ჩვენს ინტელექტუალურ ელიტამ, მეცნიერებმა, კულტურის მოღვაწეებმა. და სურვილი არის ესეთი – რომ ყოველი მოქალაქე მონაწილეობდეს, ყოველი ოჯახი, როგორც უფროსი თაობის, ისე უმცროსის წარმომადგენლები.“

ქართლის მოქცევა, როგორც ისტორიული მოვლენა, IV საუკუნეში, წმინდა ნინოს ქადაგების შედეგად, საქართველოს ისტორიაში გარდამტეხ მოვლენად იქცა. ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებამ საფუძველი ჩაუყარა ქართული სახელმწიფოებრიობის ახალ ეტაპს და განსაზღვრა ქვეყნის სულიერი და კულტურული განვითარება.

2026 წელს დაგეგმილი საიუბილეო წელი განსაკუთრებულად აღინიშნება, როგორც სახელმწიფო, ისე საეკლესიო და საზოგადოებრივ დონეზე. საზოგადოებრივი მოძრაობა „ის, რაც გვაერთიანებს“ სწორედ ამ მიზანს ემსახურება ,გააერთიანოს სხვადასხვა თაობა, სფერო და ინიციატივა, რათა ქართლის მოქცევის 1700 წლისთავი ღირსეულად ჩაიწეროს ქვეყნის ისტორიაში.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ეპისკოპოსმა გრიგოლმა თბილისში ახალი ტაძარი აკურთხა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ