შეიქმნა საზოგადოებრივი მოძრაობა ,,ის რაც გვაერთიანებს“
მოძრაობის მიზანია მოქალაქეებმა გააცნობიერონ ქართლის მოქცევის 1700 წლის ისტორიული მნიშვნელობა და იგრძნონ პასუხისმგებლობა ეროვნული ერთიანობის წინაშე.
2026 წელს საქართველო ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს თარიღს აღნიშნავს – ქართლის მოქცევის 1700 წლისთავს. სწორედ ამ მნიშვნელოვან დღესთან დაკავშირებით, მეცნიერებისა და კულტურის მოღვაწეებმა საზოგადოებრივი მოძრაობა „ის, რაც გვაერთიანებს“ დააფუძნეს.მისი მიზანია თიოთოეულმა მოქალაქემ გააცნობიეროს ამ თარიღის მნიშვნელობა და განიცადოს პირადი პასუხისმგებლობა ამ დღის მნიშვნელობასთან დაკავშირებით.
მოძრაობის პირველი შეხვედრა 2025 წლის 2 სექტემბერს საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ გაიმართა, მეორე კი 20 სექტემბერს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში. შეხვედრას უძღვებოდა აკადემიის პრეზიდენტი, როინ მეტრეველი. ღონისძიებას ესწრებოდნენ ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი, საინიციატივო ჯგუფის წევრები, მეცნიერების და საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელები.
ინიციატივის ფარგლებში 2026 წლამდე გაგრძელდება რიგი კულტურული, საგანმანათლებლო, შემეცნებითი და შემოქმედებითი საღამოები, რომლებიც გაიმართება როგორც დედაქალაქში, ისე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. ორგანიზატორების თქმით, თითოეული ღონისძიება მიზნად ისახავს ისტორიული პროცესის გააზრებასა და საზოგადოების ფართო ჩართულობას.
ქართლის მოქცევა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო საქართველოს სახელმწიფოებრივი და სულიერი განვითარების ისტორიაში. IV საუკუნის 30-იან წლებში, მეფე მირიანის მეფობისას, ქრისტიანობა ქვეყნის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა. წმინდა ნინოს ქადაგებითა და მისეული სასწაულებით საფუძველი ჩაეყარა საქართველოს ეკლესიის ისტორიას და ჩამოყალიბდა ეროვნული იდენტობის მთავარი საყრდენი.
2026 წლის საიუბილეო თარიღი არა მხოლოდ ისტორიული ხსოვნის აღნიშვნაა, არამედ თანამედროვე ეპოქაში საერთო ღირებულებების გადაფასებისა და ეროვნული ერთიანობის განმტკიცების შესაძლებლობაც.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, თბილისში გაიმართა გულბაათ რცხილაძის რეპორტაჟის განხილვა.