სიღნაღის წმინდა სტეფანეს ეკლესია

29 ივნისი 16:07
243
სიღნაღის წმინდა სტეფანეს ეკლესია. ფოტო: მჟკ სიღნაღის წმინდა სტეფანეს ეკლესია. ფოტო: მჟკ

XVIII საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების გამორჩეული ძეგლი კახეთში.

კახეთში, ქალაქ სიღნაღში მდებარე წმინდა სტეფანეს სახელობის ეკლესია საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული საეკლესიო და არქიტექტურული ძეგლია. ტაძარი 1762 წელს, XVIII საუკუნეში აიგო და განსაკუთრებულ ყურადღებას იმით იპყრობს, რომ სიღნაღის გალავნის ყველაზე დიდ კოშკშია ჩაშენებული. ეს კოშკი ისტორიულ წყაროებში „მეფის“ ან „ქიზიყის ბურჯის“ სახელით არის ცნობილი.

სიღნაღის წმინდა სტეფანეს ეკლესია - სურათი 1

ატენის სიონის მცირეგუმბათიანი წარწერა.

წმინდა სტეფანეს ეკლესია სიღნაღის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ღირსშესანიშნაობაა, სადაც სამხედრო თავდაცვითი ნაგებობა და საეკლესიო არქიტექტურა ერთმანეთთან ორგანულად არის შერწყმული. სწორედ ეს თავისებურება ტაძარს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს როგორც ისტორიული, ისე კულტურული თვალსაზრისით.

ეკლესია დარბაზულ ტიპს მიეკუთვნება. მისი სწორკუთხა შესასვლელის თავზე განთავსებულია ერთი თაღოვანი სარკმელი, ხოლო ფასადებს აგურის რამდენიმესაფეხურიანი ლავგარდანი ამშვენებს, რაც ნაგებობას დახვეწილ იერს ანიჭებს.

სიღნაღის წმინდა სტეფანეს ეკლესია - სურათი 2

ხედი ტაძრიდან.

ტაძარს დასავლეთიდან სამრეკლო-კარიბჭე ებჯინება. კარიბჭე ორმაგი შეისრული თაღით არის გაფორმებული, ხოლო შესასვლელის ორივე მხარეს სიბრტყის შეწევით შესრულებული რომბის ფორმის ორნამენტები გვხვდება. კარიბჭის თავზე აღმართულია ექვსწახნაგა სამრეკლოს ფანჩატური, რომელიც ყველა მხრიდან თაღებით არის გახსნილი და ტაძრის არქიტექტურულ კომპოზიციას განსაკუთრებულ ელფერს სძენს.

სიღნაღის წმინდა სტეფანეს ეკლესია - სურათი 3

 ტაძრის შიდა ტერიტორია

წმინდა სტეფანეს ეკლესია ნაგებია ქართული აგურითა და რიყის ქვით, რაც XVIII საუკუნის ქართული სამშენებლო ტრადიციების თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს. დღეს ეს ტაძარი არა მხოლოდ მოქმედი სალოცავია, არამედ სიღნაღის ისტორიული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილი და ქალაქის ერთ-ერთი გამორჩეული სიმბოლოა.

სიღნაღის წმინდა სტეფანეს ეკლესია - სურათი 4

წმინდა სტეფანეს ტაძარი

წმინდა სტეფანე პირველმოწამე

წმინდა სტეფანე პირველდიაკონი და პირველმოწამე   იყო პირველი ადამიანი, რომელმაც ქრისტესთვის სიცოცხლე გასწირა. ისტორიული ცნობების თანახმად, იგი იუდას სამეფო დინასტიის შთამომავალია. ქრისტე ღმერთის საგვარეულოდან კანონმორჩილი მშობლების შვილია. ჯერ კიდევ ჭაბუკი მსახურობდა კაიაფა მღვდელმთავართან. მის სახლში წაყვანის დროს წმინდა სტეფანემ ზეციურ მასწავლებელს ფეხქვეშ დაუფინა თავსაბურავი, ამით გამოხატა თავისი გულწრფელი და ერთგული სიყვარული. ამან აღაშფოთა მღვდელმთავარი, რომელმაც გააგდო იგი. წმინდა სტეფანემ იხილა უფლის სიკვდილი და დაკრძალვა, მაგრამ მოციქულებთან ერთად აღფრთოვანდა ღვთის სასწაულებრივი აღდგომით.

სომხური ეკლესიის ვარდაპეტის, გრიგოლ ტათევაცის თანახმად, წმინდა სტეფანე მიდის წმინდა პეტრე და წმინდა იოანე მოციქულებთან. ნათლობის დროს წყალზე ჩნდება სინათლის გვირგვინი. ამ საოცარი მოვლენის შემდეგ უწოდეს მას „სტეფანე“, რაც „გვირგვინოსანს“ ნიშნავს. სულთმოფენობის შემდეგ მოციქულები ქრისტეს მიმდევრებს ემსახურებიან, მათ შორის წმინდა სტეფანეც, ღვთისაგან მინიჭებული მადლით ხალხში სასწაულებს ახდენს. წმინდა მოციქულთა მიერ იგი ხელდასხმულ იქნა დიაკვნად. არაკეთილმოსურნეებმა კი დაარწმუნეს ხალხი, ვითომ სტეფანე აგინებდა უფალსა და წმინდა მოსე წინასწარმეტყველს. ის სასამართლოში წაიყვანეს.

წმინდა სტეფანე თავდასაცავ გამოსვლაში დამსწრეებს უმტკიცებდა, რომ იესო იყო აღთქმული მესია, იუდეველებს კი საყვედურით მიმართავდა. ქალაქგარეთ ის ჩაქოლეს, ტანსაცმელი კი დაუდეს ერთ ახალგაზრდას, სახელად სავლეს. სავლე იყო წმინდა პავლე მოციქული, ვინც თავიდან დევნიდა ქრისტიანებს, შემდეგ მან აღიარა ჭეშმარიტი ღმერთი, იესო ქრისტე და სახარების დიდი მქადაგებელი გახდა.

გადმოცემის თანახმად, წმინდა პავლე მოციქულის მასწავლებელმა გამაყიელმა და მისმა ძმამ, რომლებიც ფარულად ქრისტეს მოსწავლეები იყვნენ, წმინდანი დაკრძალეს მათ აგარაკში. წმინდა სტეფანეს წმინდა ნაწილები შემდგომში აღმოაჩინა ლუკიანე მღვდელმა, იერუსალიმის იოანე პატრიარქმა დაასვენა სიონში. V საუკუნეში აღმოაჩინეს იერუსალიმში და გადაასვენეს ვენეციაში, დაასვენეს წმინდა გიორგის კუნძულის მთავარ საკათედრო ტაძარში.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ