პეტრე-პავლობა - თავმოციქულთა დღესასწაული

11 ივლისი 14:07
342
მოციქულები პეტრე და პავლე. ფოტო: მჟკ მოციქულები პეტრე და პავლე. ფოტო: მჟკ

წმინდა პეტრე მოციქული, რომლის თავდაპირველი სახელი სვიმონი იყო, გალილეის ტბის სანაპიროზე მცხოვრები უბრალო მეთევზე გახლდათ. იგი მაცხოვართან მისმა ძმამ, ანდრია პირველწოდებულმა მიიყვანა.

მართლმადიდებელი ეკლესია 12 ივლისს (საეკლესიო სტილით 29 ივნისს) წმინდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა თავთა მოციქულთა, პეტრესა და პავლეს ხსენების დღეს - პეტრე-პავლობას აღნიშნავს. ეს დღე ქრისტიანულ სამყაროში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღესასწაულია, რომელიც მოციქულთა მარხვის (პეტრე-პავლობის მარხვის) დასრულებას აგვირგვინებს და იმ ორი უდიდესი წმინდა მოღვაწის ხსოვნას ეძღვნება, რომელთაც ფასდაუდებელი ღვაწლი გასწიეს ქრისტიანობის გავრცელებასა და ეკლესიის დაფუძნებაში.

წმინდა პეტრე მოციქული, რომლის თავდაპირველი სახელი სვიმონი იყო, გალილეის ტბის სანაპიროზე მცხოვრები უბრალო მეთევზე გახლდათ. იგი მაცხოვართან მისმა ძმამ, ანდრია პირველწოდებულმა მიიყვანა. უფალმა მას პეტრე უწოდა, რაც ბერძნულად „კლდეს“ ნიშნავს და უთხრა: „შენ ხარ კლდე, და ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაჲ ჩემი“.

წმინდა პეტრე გამორჩეული იყო თავისი გულმხურვალებითა და რწმენით. მიუხედავად იმისა, რომ მაცხოვრის შეპყრობისას მან ადამიანური სისუსტე გამოიჩინა და სამჯერ უარყო ქრისტე, შემდგომში უდიდესი სინანულითა და მწარე ცრემლით გამოისყიდა საკუთარი შეცდომა. სულიწმინდის გარდამოსვლის შემდეგ, პეტრემ პირველმა იქადაგა იერუსალიმში, რის შედეგადაც სამი ათასი ადამიანი მოინათლა. იგი უმთავრესად იუდეველთა შორის ქადაგებდა და სასწაულთა აღსრულებით განამტკიცებდა ქრისტიანულ სარწმუნოებას. გადმოცემის თანახმად, წმინდა პეტრე იმპერატორ ნერონის დროს რომში აწამეს - მისივე თხოვნით ჯვარს აცვეს თავდაყირა, რადგან თავი არ მიიჩნია ღირსად მაცხოვრის მსგავსად აღსრულებულიყო.

წმინდა პავლე მოციქულის ისტორია რადიკალურად განსხვავდება პეტრეს გზისგან. იგი დაიბადა ქალაქ ტარსუსში და თავდაპირველად სავლე ერქვა. სავლე მკაცრი ფარისეველი, რომის მოქალაქე და ქრისტიანთა შეუბრალებელი მდევნელი იყო. მისი მოქცევა დამასკოს გზაზე მოხდა, როდესაც მას ზეციდან ნათელი მოეფინა და ხმა მოესმა: „სავლე, სავლე, რად მდევნი მე?“ ამ სასწაულებრივი ხილვის შემდეგ იგი დაბრმავდა, ხოლო მონათვლისა და თვალისჩინის დაბრუნების შემდეგ ქრისტეს უდიდესი მქადაგებელი - პავლე გახდა.

წმინდა პავლე მოციქულს უწოდებენ „წარმართთა მოციქულს“, რადგან მან ქრისტიანობა რომის იმპერიის მრავალ ხალხში გაავრცელა, განახორციელა რამდენიმე დიდი მისიონერული მოგზაურობა, დააარსა მრავალი ეკლესია მცირე აზიასა და ევროპაში და დაწერა ახალი აღთქმის 14 ეპისტოლე, რომლებიც დღემდე ქრისტიანული ღვთისმეტყველების უმნიშვნელოვანეს საფუძველს წარმოადგენს. წმინდა პავლეც რომში აწამეს ნერონის მმართველობისას. როგორც რომის მოქალაქეს, მას ჯვარცმა არ აკადრეს და მახვილით თავი მოჰკვეთეს.

ისტორიულად, ამ დღესასწაულის დაწესება უკავშირდება რომში, 258 წელს, წმინდა მოციქულთა წმინდა ნაწილების გადასვენებას. გარდა ამისა, საეკლესიო გადმოცემით, ისინი ან ზუსტად ერთსა და იმავე დღეს, ან ერთი წლის შუალედით აღესრულნენ რომში მოწამეობრივად. მოწამეობრივი აღსასრულის შემდეგ, პეტრე მოციქული დაკრძალული იყო ვატიკანის ბორცვზე (სადაც სიკვდილით დასაჯეს), ხოლო პავლე - ოსტიის გზასთან ახლოს. წლების განმავლობაში ქრისტიანები ფარულად მიდიოდნენ ამ ადგილებში სალოცავად. თუმცა, 257-258 წლებში იმპერატორმა ვალერიანემ ქრისტიანების წინააღმდეგ სასტიკი დევნა წამოიწყო. მისი ბრძანებით, ქრისტიანებს აეკრძალათ სასაფლაოებსა და კატაკომბებში შეკრება, ხოლო მათი ქონება და წმინდა ადგილები კონფისკაციას ან განადგურებას ექვემდებარებოდა. გაჩნდა რეალური საფრთხე, რომ წარმართები მოციქულთა საფლავებს შეურაცხყოფდნენ. საფრთხის თავიდან ასაცილებლად, 258 წლის 29 ივნისს, რომაელმა ქრისტიანებმა ფარულად ამოასვენეს ორივე მოციქულის წმინდა ნაწილები მათი საფლავებიდან და საიმედო, ფარულ ადგილას გადაიტანეს. ეს ადგილი იყო აპიუსის გზაზე მდებარე შედარებით უსაფრთხო კატაკომბები. ორივე მოციქულის ნაწილები იქ ერთად, ერთ სამარხში დაასვენეს. ვინაიდან ორი უდიდესი წმინდანის ნაწილები სწორედ 29 ივნისს გაერთიანდა ამ საიდუმლო თავშესაფარში, ქრისტიანებმა ყოველ წელს ამ დღეს კატაკომბებში ფარულად შეკრება და მათი ერთობლივი მოხსენიება დაიწყეს. ეს თარიღი დაფიქსირებულია უძველეს რომაულ კალენდარშიც. წმინდა ნაწილები კატაკომბებში რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში ინახებოდა, სანამ ქრისტიანებზე დევნა საბოლოოდ არ შეწყდა. IV საუკუნის დასაწყისში, როდესაც იმპერატორმა კონსტანტინე დიდმა ქრისტიანობა ლეგალურ რელიგიად გამოაცხადა, წმინდა ნაწილები დიდი პატივით დააბრუნეს მათ პირვანდელ, ისტორიულ ადგილებზე.

მართლმადიდებლურ იკონოგრაფიაში წმინდა პეტრესა და პავლეს გამოსახულებები ღრმა საღვთისმეტყველო და სიმბოლურ დატვირთვას ატარებს. ყველაზე ხშირად ხატებზე ისინი ერთად არიან წარმოდგენილნი - ხშირად ძმურად ეხვევიან ერთმანეთს, რაც ქრისტეს ეკლესიაში განსხვავებული წარსულისა და გზის მქონე ადამიანების სულიერი ერთიანობის, შერიგებისა და სიყვარულის უდიდესი სიმბოლოა. ასევე ცნობილია ხატწერის ტიპი, სადაც მოციქულებს ერთობლივად უჭირავთ ეკლესიის გამოსახულება, რითაც ხაზგასმულია მათი, როგორც ეკლესიის მთავარი ბურჯებისა და ფუძემდებლების როლი. რაც შეეხება მათ ინდივიდუალურ მახასიათებლებს: წმინდა პეტრეს ტრადიციულად გამოსახავენ ხანდაზმულად, მოკლე, ხუჭუჭა ჭაღარა თმითა და მომრგვალო წვერით. მის მთავარ ატრიბუტს ცათა სასუფევლის გასაღები და სამოძღვრო გრაგნილი წარმოადგენს. წმინდა პავლე კი წარმოდგენილია მაღალი შუბლით და შედარებით გრძელი, მუქი წვერით. მას ხელში ძირითადად უჭირავს წიგნი (საკუთარი ეპისტოლეები), ზოგიერთ ტრადიციაში კი - მახვილი, რომელიც ღვთის სიტყვის სულიერი იარაღისა და მისივე მოწამეობრივი აღსასრულის სიმბოლოა.

თავმოციქულთა შესახებ ეკლესიის მოძღვრებს საინტერესო შეფასებები აქვთ. წმინდა იოანე ოქროპირი ჩვეული სიტყვაკაზმულობით განადიდებთ პეტრე და პავლე მოციქულებს. რომაელთა მიმართ ეპისტოლეს განმარტებისას იგი შენიშნავს: „მიყვარს რომი, რადგან იქიდან პავლე და პეტრე ზეცად ამაღლდნენ. წარმოიდგინეთ, რა ელვარებას გამოსცემს რომი, როდესაც ეს ორი მნათობი მთელ სამყაროს თავისი სხივებით ანათებს.“ ნეტარი ავგუსტინე კი ამგვარად ამკობს თავმოციქულულებს: „პეტრეში ჩვენ ვხედავთ ეკლესიის პირველობას, პავლეში - მის საყოველთაოობას. ორივე ერთად კი ქრისტეს ერთიანი სხეულია.“ ეკლესია როგორც ქრისტეს მისტიკური სხეული საოცრად გვიცხადდება წმინდა პეტრესა და პავლეს მოღვაწეობაში. სწორედ ამას გულისხმობს ჰიპონიელი მღვდელმთავარი. იგივეს აზრს ავითარებს წმინდა გრიგოლი ღვთისმეტყველი. კონსტანტინეპოლელი მღვდელმთავრის სწავლებით: „პეტრემ იუდეველთა სულიერი უნაყოფობა განკურნა, ხოლო პავლემ - წარმართთა უმეცრება. ერთი სჯულის ერთგულთათვის იქცა წინამძღოლად, მეორე კი - მათთვის, ვინც სჯულის გარეშე ცხოვრობდა, რათა ორივენი ერთ ქრისტეში გაერთიანებულიყვნენ.“

ამგვარად, პეტრე-პავლობის დღესასწაული არ არის მხოლოდ ისტორიული ფაქტის გახსენება, არამედ ქრისტიანული ეკლესიის ერთიანობისა და ყოვლისმომცველობის უდიდესი სიმბოლოა. მიუხედავად იმისა, რომ პეტრე და პავლე სრულიად განსხვავებული წარსულისა და მოწოდების ადამიანები იყვნენ, ორივემ ფასდაუდებელი ღვაწლი გასწია ქრისტიანობის გავრცელებაში და სიცოცხლე მოწამეობრივად, რომში დაასრულა. ეს ორი განსხვავებული გზა საბოლოოდ გაერთიანდა ქრისტეში, რაც გვიჩვენებს, რომ ჭეშმარიტი სარწმუნოება შლის ყოველგვარ საზღვარს და აერთიანებს სრულიად განსხვავებულ ადამიანებს საერთო, საღვთო მიზნის გარშემო. ეკლესია სწორედ ამიტომ განადიდებს მათ ერთად, როგორც დაუშრეტელ ნათელს, რომელიც დღემდე ანათებს ქრისტიანულ სამყაროს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ