საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება იოანე ღვთისმეტყველის ხსენების დღეს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III. ფოტო: მჟკ

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III. ფოტო: მჟკ

უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-ის ქადაგება მოციქულისა და მახარებლის, წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ხსენების დღეს.

,,ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გულითადად გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს, ამ შესანიშნავი ტაძრის დღესასწაულს, წმინდა მოციქულისა და მახარებლის, იოანე ღვთისმეტყველის ხსენებას.

როგორც ცნობილია, იგი იყო ყველაზე ახალგაზრდა მოწაფეთა შორის და ყველაზე საყვარელი მოწაფე უფალ იესო ქრისტესი.
რატომ უწოდებდა მაცხოვარი მას საყვარელ მოწაფეს? უფალს ხომ ყველა უყვარდა? – ცოდვილებიც უყვარდა, უმადური კეთროვნებიც უყვარდა. სწორედ ამიტომ განკურნა ისინი.
მაშ, რატომ იყო ის საყვარელი მოწაფე? იმიტომ, რომ წმინდა იოანე ღვთისმეტყველი ყველაზე უკეთ ისმენდა უფლის სიტყვებს, ყველაზე უკეთ ესმოდა მისი სწავლება, ყველაზე უფრო მამაცი და მტკიცე აღმოჩნდა რწმენაში. მას აღმოაჩნდა ყველაზე მეტად მზაობა, რომ მაცხოვრის გულისთვის ტანჯვა დაეთმინა. დანარჩენი მოწაფეები რომ დაიფანტნენ, მიატოვეს უფალი, ვინ დარჩა ჯვართან, ძვირფასო ძმებო და დებო? – ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, რამდენიმე მენელსაცხებლე დედა და იოანე ღვთისმეტყველი.
ამ თემაზე ამ წუთებში პატრიარქი შიო III წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ტაძარში მიბრძანდა
წმინდა მოციქულისა და მახარებლის მიცვალების დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სამღვდელოებასთან ერთად ღვთისმსახურებას აღავლენს.
ასეთი ახალგაზრდა კაცისთვის უმძიმესი სანახაობა იყო ჯვარცმის ხილვა, მით უმეტეს, საყვარელი მოძღვრის, მაგრამ მან თავის თავში ეს შიში დაძლია, რომ მდგარიყო ჯვართან და ბოლომდე დარჩა მაცხოვრის გვერდით. ამ განსაკუთრებული სიყვარულისთვის ღმერთმა მას მისცა საიდუმლოებათა ჭვრეტის საოცარი მადლი. მას გაეხსნა ისეთი საღვთო საიდუმლოებები, საღვთისმეტყველო საიდუმლოებები, რის გამოც ღვთისმეტყველად იწოდა.
მისი სახარება სრულიად გამორჩეულია დანარჩენი სამი სახარებისგან, რომლებშიც მოთხრობილია უფალ იესო ქრისტეს სამწლიანი მსახურება, ცხოვრება ამ დედამიწაზე, ქადაგებები, მაგრამ იოანე ღვთისმეტყველმა თავის სახარებაში ამ მოვლენების საიდუმლო აზრი გაგვიხსნა.
არავის არ განუცხადებია კაცობრიობის წინაშე ასე ძლიერად უფალ იესო ქრისტეს საღვთო ბუნების შესახებ, როგორც ეს იოანე მოციქულმა გააკეთა. შეიძლება ითქვას, რომ ამ სამყაროში არაფერი დაწერილა იმის მსგავსი და იმაზე დიდებული, რაც არის იოანეს სახარების პირველი თავი, სადაც ის დასაწყისშივე ამბობს, რომ სიტყვა არის ღმერთი და ეს სიტყვა იწოდებოდა იესო ქრისტედ, რომელიც განკაცდა სოფლად. საოცარი სიტყვებია, რომლებიც იკითხება აღდგომის მსახურებაზე: „პირველად იყო სიტყვა, და სიტყვა იგი იყო ღვთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვა იგი“ (ინ. 1, 1). შემდეგ იქვე ამბობს, რომ „და სიტყვა იგი ხორციელ იქმნა და დაემკვიდრა ჩვენ შორის“ (ინ. 1, 14).
იოანე მოციქულს ჰქონდა ყველაზე საკვირველი გამოცხადებები იესო ქრისტეს შესახებ. მხოლოდ ის ამბობს, რომ „ღმერთი სიყვარულია“ (I ინ. 4, 8; I ინ. 4, 16), არავის არსად მსგავსი რამ არ უთქვამს.
შემდეგ, უკვე მისი გარდაცვალების წინ, კუნძულ პატმოსზე მას მიეცა ხილვა კაცობრიობის ისტორიის განვითარების, ქრისტეს ეკლესიის ისტორიის განვითარების შესახებ. მის წიგნში, რომელსაც ეწოდება „გამოცხადება“ ან „აპოკალიფსისი“, არის გადმოცემული აღსასრული კაცობრიობის ისტორიის, იმ ბოლო დღეების, როგორ დასრულდება ამ სამყაროს დღეები, როდესაც მეორედ მოვა დიდებით უფალი ჩვენი იესო ქრისტე.
ამრიგად, ამ დიდი სიყვარულის გამო, ამ დიდი მადლის გამო წმინდა იოანე ღვთისმეტყველი გახდა ერთ-ერთი ყველაზე საოცარი და საკვირველი წმინდანი, პიროვნება და ადამიანი კაცობრიობის ისტორიაში.
კიდევ ერთხელ გილოცავთ, ძვირფასო ძმებო და დებო, დღევანდელ დღეს.
ბედნიერნი ვართ, რომ სხვა წმინდანებთან ერთად, გვყავს ასეთი დიდი მეოხი და მფარველი ზეცაში. რა თქმა უნდა, ამიტომ შეიძლება გვქონდეს იმედი ღვთის წყალობის და შეწევნის. მთავარია, არ აღმოვჩნდეთ მცირედმორწმუნენი, არ აღმოვჩნდეთ უღირსნი და ვერშემძლებელნი ამ დიდი წმინდანების სიწმინდის და სიდიადის დატევნისა ჩვენს გულებში.
დღეს საოცარი დღეა, დიდი სიყვარული სუფევს ჩვენ შორის, შესანიშნავი განწყობაა ამ დიდებულ ტაძარში. მინდა, კიდევ ერთხელ დიდი სიყვარულით დაგლოცოთ, მოგილოცოთ, ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ!
წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ლოცვით და მეოხებით უფალმა მოგვმადლოს და გვასწავლოს რწმენა, სიყვარული, სიმდაბლე. განსაკუთრებით ჩვენ, სასულიერო პირებს, ეპისკოპოსებს გვამართებს, ვევედროთ მას, რომ გვასწავლოს საღვთისმეტყველო საიდუმლოებები, სწავლება ქრისტესი უფრო ღრმად და ღრმად, რომ შევიმეცნოთ, მართებულად გადმოვცეთ და ვიქადაგოთ მრევლის წინაშე, და მოგვმადლოს ქრისტიანული სულიერი ღვაწლი, ამინ!
დღეს ასევე აღვნიშნავთ ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ხსენებას, რომელიც საქართველოში ჩამობრძანდა. ეს არის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ათონის „პორტაიტისას“ ზუსტი ასლი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში იყო ამ ხატზე დადებული, კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ჩამოაბრძანა და სიონის ტაძარშია დაბრძანებული. ეს ხატი დღეს ყველას დაგირიგდებათ საჩუქრად.
ასევე, მოგეხსენებათ, რომ წელს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავს. ამასთან დაკავშირებით დავამზადეთ სასულიერო პირებისთვის სამღვდელო სასაჩუქრე ჯვრები და დღეს აქ მყოფ სამღვდელოებას, ყველას დაგირიგდებათ საჩუქრად ეს განსაკუთრებული ჯვრები.
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ.''
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III დელეგაციების შეხვედრაზე მიბრძანდა.

წაიკითხეთ ასევე

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება იოანე ღვთისმეტყველის ხსენების დღეს

,,არავის არ განუცხადებია კაცობრიობის წინაშე ასე ძლიერად უფალ იესო ქრისტეს საღვთო ბუნების შესახებ, როგორც ეს იოანე მოციქულმა გააკეთა.''- შიო III.

ვატიკანმა გაეროში სიკვდილით დასჯის გაუქმების წინადადებით გამოვიდა

ვატიკანის წარმომადგენელმა გაეროში მოუწოდა ქვეყნებს, სადაც სიკვდილით დასჯაა გათვალისწინებული, სიკვდილით დასჯა თავისუფლების აღკვეთით ჩაანაცვლონ.

ამ წუთებში პატრიარქი შიო III წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ტაძარში მიბრძანდა

წმინდა მოციქულისა და მახარებლის მიცვალების დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სამღვდელოებასთან ერთად ღვთისმსახურებას აღავლენს.

პატრიარქი შიო III დღეს ვერის ტაძარში აღავლენს წირვას

სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია 10:00 საათზე დაიწყება.

ნიცის წმინდა ნიკოლოზის სამრევლოში 24 ოქტომბერს საღმრთო ლიტურგია აღევლინება

დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის ლოცვა-კურთხევით, წირვას იღუმენი ეფრემი (ჯოლოხავა) აღასრულებს; ასევე გაიმართება მიცვალებულთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი.

გურჯაანისა და ველისციხის ეპარქიაში სასულიერო პირები დააჯილდოვეს

იღუმენ რაფაელსა და იღუმენ იოანეს საეკლესიო ჯილდოები მთავარეპისკოპოს ექვთიმეს წარდგინებითა და კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ის ლოცვა-კურთხევით მიენიჭათ.