შიო III: „დედა ღვთისმშობელს არ დავუტოვებივართ-ის გახდა ჩვენი მარადიული მეოხი“

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III. ფოტო: მჟკ
სიონის საპატრიარქო ტაძარში, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დიდებულ დღესასწაულზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ სადღესასწაულო ქადაგებით სასულიერო პირებსა და მრევლს მიმართა.
კათოლიკოს-პატრიარქმა მორწმუნეებს მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინება არ ნიშნავს მის განშორებას კაცობრიობისგან.
„დედა ღვთისმშობელს არ დავუტოვებივართ. როგორც ნათქვამია დღევანდელი დღესასწაულის ტროპარში: „შობასა ქალწულება დაიმარხე, და მიცვალებასა სოფელი არა დაუტევე“, არამედ ის გახდა მარადიული მეოხი ჩვენი ღვთის წინაშე და მთელი კაცობრიობისა და ყოველი ჩვენგანის დედა“, — აღნიშნა შიო III-მ.
ქადაგებისას პატრიარქმა ისაუბრა გარდაცვალების ქრისტიანულ მნიშვნელობაზეც და აღნიშნა, რომ სიკვდილი ქრისტიანული სწავლებით არ წარმოადგენს საბოლოო დასასრულს, არამედ არის გადასვლა მარადიულ ცხოვრებაში.
მისივე განმარტებით, წმინდა მამები გარდაცვალებას ადამიანის „მესამე დაბადებად“ მოიხსენიებენ — დაბადებად მარადიული სიცოცხლისთვის.
„როგორც ხორციელად იბადება ადამიანი ამ დედამიწაზე, ასევე იბადება სულიერად ნათლისღების საიდუმლოებაში, აგრეთვე გარდაცვალების შემდეგ იბადება მარადიული ცხოვრებისთვის“, — ბრძანა შიო III-მ.
კათოლიკოს-პატრიარქმა ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ ადამიანი ამ მნიშვნელოვანი მომენტისთვის სათანადოდ უნდა ემზადებოდეს და მორწმუნეებს მოუწოდა, დაფიქრდნენ მარადიულ ცხოვრებაზე, ლოცვასა და სულიერ მზადებაზე.
შიო III-მ ქადაგების დასასრულს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II გაიხსენა და აღნიშნა, რომ ამ დღეს მორწმუნეები განსაკუთრებული სიყვარულითა და ლოცვით იხსენებენ მის სიტყვებს, მსახურებასა და სულიერ ღვაწლს.
კათოლიკოს-პატრიარქმა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ილია II-ის სულის შეწევნა და ცხონება შესთხოვა.
„დედა ღვთისმშობელი იყოს თქვენი მფარველი, თქვენი ოჯახების მფარველი. ღვთისმშობლის ლოცვითა და მეოხებით, ღმერთმა დალოცოს, გადაარჩინოს, გაამთლიანოს და გააძლიეროს სრულიად საქართველო. ამინ!“ — ბრძანა შიო III-მ.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მარიამობას პატრიარქი სიონის საპატრიარქო ტაძარში აღავლენს საღვთო ჟამისწირვას.
წაიკითხეთ ასევე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი საეკლესიო დელეგაციების წარმომადგენლებს შეხვდა
შეხვედრაზე უირადღბა გამახვილდა საქართველოს ეკლესიის განსაკუთრებულ როლზე ქვეყანაში სულიერი ღირებულებების შენარჩუნებისა და განმტკიცების საქმეში.
უფლისციხეში ეთნოფესტივალი გაიმართება
17–18 ოქტომბერს დაგეგმილი ორდღიანი პროგრამა სამეცნიერო კონფერენციას, ისტორიული სამოსის გამოფენას, ტრადიციული რეწვისა და ეთნოკულინარიის ღონისძიებებსა და გალა-კონცერტს გააერთიანებს.
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ტაძრებში ელექტრონული აპარატების განთავსებაზე
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, იმ ტაძრებში, სადაც ელექტრონული შესაწირი აპარატის განთავსების სურვილი და საჭიროება იქნება, შესაბამის მოწყობილობას ბანკი დაამონტაჟებს.
მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლებმა თბილისის ტაძრები მოილოცეს
საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით ჩამობრძანებულმა მღვდელმთავრებმა პატრიარქ ილია II-ის საფლავთან პანაშვიდი აღავლინეს.
თბილისის სასულიერო აკადემიაში ფსიქოლოგმა თამარ მირცხულავამ ლექცია წაიკითხა
შეხვედრა ადამიანის ფსიქოლოგიური განვითარების ეტაპებს, ასაკობრივ კრიზისებსა და დევიაციური ქცევის გამომწვევ მიზეზებს დაეთმო.
ქუთაისის სახელმწიფო მუზეუმში ქრისტიანული საგანძურის გამოფენა გაიმართა
საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ მიიღო მონაწილეობა.