გერგეტის სამება — ქართული სულიერების, რწმენისა და ისტორიის მარადიული სიმბოლო

გერგეტის სამება. ფოტო: მჟკ

გერგეტის სამება. ფოტო: მჟკ

გერგეტის ყოვლადწმინდა სამების ტაძარი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გამორჩეული სიწმინდეა, რომელიც ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 2 200 მეტრის სიმაღლეზე, მყინვარწვერის ფერდობზეა აღმართული. მისი შთამბეჭდავი მდებარეობა, ისტორიული მნიშვნელობა და არქიტექტურული სრულყოფილება საუკუნეების განმავლობაში იზიდავდა როგორც მომლოცველებს, ისე მოგზაურებს.

ტაძარი XIV საუკუნეში, ისტორიული წყაროების მიხედვით, 1330-იან წლებში აშენდა და მალევე იქცა ხევის მთავარი სალოცავად. გერგეტის სამება ქართული შუა საუკუნეების საეკლესიო ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია, რომელიც დღემდე ინარჩუნებს პირვანდელ იერს და განსაკუთრებულ ადგილს იკავებს ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობაში.

გადმოცემით, ქრისტიანობა ამ მხარეში წმინდა ანდრია პირველწოდებულმა და წმინდა ნინომ იქადაგეს, ხოლო ხალხური თქმულება ტაძრის დაარსებას მეფე ვახტანგ გორგასალს უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ლეგენდები ისტორიულად დადასტურებული არ არის, ისინი ნათლად ასახავს იმ განსაკუთრებულ დამოკიდებულებას, რომელიც ქართველ ხალხს ამ სიწმინდის მიმართ საუკუნეების განმავლობაში ჰქონდა.

გერგეტის სამებამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოს ისტორიის ურთულეს პერიოდებში. მტრის შემოსევების დროს, როდესაც ქვეყნის სიწმინდეებს განადგურების საფრთხე ემუქრებოდა, ისინი დროებით სწორედ აქ გადმოჰქონდათ. ტაძრის მიუდგომელი მდებარეობა საიმედო თავშესაფარს ქმნიდა, რის გამოც აქ ინახებოდა საქართველოს უმნიშვნელოვანესი რელიქვიები, მათ შორის წმინდა ნინოს ჯვარი.

გალავნით შემოზღუდული ტაძარი ორსართულიანია. მეორე სართული, რომელიც უცხო თვალისთვის შეუმჩნეველია, სამალავი იყო.  წერილობითი წყაროს თანახმად, შუა საუკუნეების სახიფათო წლებში ქართველები მტრისგან სწორედ გერგეტის ტაძარში იცავდნენ წმინდა ნინოს ჯვარსა და სამეფო საგანძურს, რომელიც ახლა თბილისში, სიონის ტაძარში ინახება.

საუკუნეების განმავლობაში ტაძარში ლოცვა არასოდეს შეწყვეტილა. გერგეტის სამება ყოველთვის იყო არა მხოლოდ ღვთისმსახურების, არამედ სულიერი ცხოვრების მნიშვნელოვანი ცენტრი. აქ იქმნებოდა საეკლესიო მატიანეები, ინახებოდა ხელნაწერები და თაობიდან თაობას გადაეცემოდა ქართული სარწმუნოების ტრადიციები.

2006 წელს ჩატარებული სარესტავრაციო სამუშაოებისას ტაძარში XVI საუკუნის უნიკალური ფრესკები აღმოაჩინეს, რამაც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ამ ძეგლის განსაკუთრებულ ისტორიულ და კულტურულ მნიშვნელობას. აღმოჩენილმა მხატვრობამ მეცნიერებს მნიშვნელოვანი ინფორმაცია მისცა ტაძრის ისტორიისა და შუა საუკუნეების ქართული საეკლესიო ხელოვნების შესახებ.

დღეს გერგეტის სამება საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სიმბოლოა. იგი ყოველწლიურად ათასობით მომლოცველსა და ტურისტს მასპინძლობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. მყინვარწვერის ფონზე აღმართული ტაძარი მხოლოდ არქიტექტურული შედევრი არ არის — ის რწმენის, სიმტკიცის, ეროვნული იდენტობისა და მრავალსაუკუნოვანი ისტორიის ცოცხალი მოწმეა, რომელიც დღემდე აერთიანებს ქართველ ხალხს და საქართველოს სავიზიტო ბარათად რჩება.

როგორ მოვხვდეთ გერგეტის სამებასთან
2018 წლის შემოდგომაზე დასრულდა გერგეტის გზის მშენებლობა. ტაძრამდე მოასფალტებული, სამანქანო გზა მიდის, რომელსაც ფეხით 30-40 წუთში დაფარავ და ზღვის დონიდან 2200 მეტრზე აღმოჩნდები.  

ტაძარში განსაკუთრებით საინტერესოა XVI საუკუნის მხატვრობა - ღვთისმშობლის, მაცხოვრის, იოანე ნათლისმცემლისა და წმინდა ნინოს გამოსახულებებით, ასევე ორი საკმაოდ ძველი ხატი - „საავდრო“ და „სადარო“. 

ყოველ 16 ივლისს აქ გერგეტობა აღინიშნება, თბილისიდან სიონის ტაძრის ღვთისმშობლის დიდ ხატს ჩამოაბრძანებენ ხოლმე, ტაძარი ხალხით ივსება და ღამისთევის რიტუალი წირვა-ლოცვისა და გალობის თანხლებით აღესრულება.

ცხოველმყოფელი სვეტი

საუფლო კვართი და სვეტიცხოველი: ქართული ქრისტიანული იდენტობისა და სახელმწიფოებრიობის სულიერი საყრდენი.

სურამისა და ხაშურის ეპარქია განცხადებას ავრცელებს

ეპარქიამ მამა ვახტანგისა და მამა მიქაელის მიერ აღსრულებულ ნათლობასთან დაკავშირებით დამატებითი განმარტება გაავრცელა და განსვენებული მოძღვრების ღვაწლისადმი პატივისცემა გამოხატა.

„ნუკას საყდარი“

ძეგლის მდგომარეობა კრიტიკულია - მისი ქვის გადახურვის ნაწილი უკვე ჩამოშლილია. 

„სურამისა ციხეო, სურვილითა გნახეო, ჩემი ზურაბ მანდ არის, კარგად შემინახეო“

სურამის ციხე შიდა ქართლში, დაბა სურამში, კლდოვან გორაკზე მდებარეობს.

ხონოწმინდობა - დღესასწაული მთიან აჭარაში

საუკუნოვანი პაუზის შემდეგ, ხინოს ხეობაში სასულიერო ცხოვრების აღდგენის იდეა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტს, მეუფე დიმიტრის უკავშირდება.

ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის ეკლესია

ბეთლემის აღმართზე მდებარე ტაძარი XVIII საუკუნიდან იღებს სათავეს და დღეს თბილისის ერთ-ერთ გამორჩეულ ისტორიულ და არქიტექტურულ ძეგლს წარმოადგენს.