23 ივნისს მართლმადიდებელი ეკლესია ღირს თამარ აღმსარებელს მოიხსენიებს

23 ივნისს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია იხსენებს ღირს თამარ აღმსარებელს (სქიმიღუმენია თამარს, ერისკაცობაში – თამარ მარჯანიშვილს), რომლის ცხოვრება ეკლესიის, სამშობლოსა და სარწმუნოებისადმი თავდადების გამორჩეული მაგალითია.

თამარ მარჯანიშვილი 1869 წლის 1 აპრილს დაიბადა. იგი იყო ყვარელელი თავადის, სოლომონ ჭავჭავაძის ასულის – ელისაბედ ჭავჭავაძისა და სამხედრო ინჟინრის, ალექსანდრე მარჯანიშვილის ქალიშვილი. ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა გონიერებით, ნიჭიერებითა და სილამაზით. კავკასიის ქალთა ინსტიტუტის დასრულების შემდეგ პეტერბურგის კონსერვატორიაში სწავლის გაგრძელებას გეგმავდა, თუმცა ცხოვრების გზამ სრულიად სხვა მიმართულებით წაიყვანა.

მშობლების გარდაცვალების შემდეგ ახალგაზრდა თამარი ბოდბის მონასტერს ეწვია. სწორედ იქ მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება, დაეთმო საერო ცხოვრება და თავი ღვთის სამსახურისთვის მიეძღვნა. მიუხედავად ახლობლების წინააღმდეგობისა და მრავალი დაბრკოლებისა, 1889 წელს მან საბოლოოდ დატოვა ოჯახური გარემო და მონასტერში დამკვიდრდა.

ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის მონასტერში თამარი თავიდანვე აქტიურად ჩაერთო სამონასტრო ცხოვრებაში. იგი იყო იღუმენია იუვენალია ლოვენეცკაიას თანამესენაკე, უძღვებოდა საკანცელარიო საქმიანობას, რეგენტობდა და მონასტრის ხაზინადრის მოვალეობასაც ასრულებდა. 1899 წელს მონაზვნად აღიკვეცა და სახელად იუვენალია ეწოდა, ხოლო 1902 წელს იღუმენიის ხარისხში აიყვანეს და ბოდბის მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა.

მისი წინამძღვრობის პერიოდი დაემთხვა საქართველოს ეკლესიისთვის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე ეპოქას. რუსეთის იმპერიის პირობებში ქართული საეკლესიო ცხოვრების შეზღუდვა სულ უფრო ძლიერდებოდა, იკრძალებოდა ქართულ ენაზე ღვთისმსახურება და მიმდინარეობდა ეკლესიის რუსიფიკაციის პროცესი. მიუხედავად ამისა, იღუმენია იუვენალია ერთგულად იცავდა ქართულ ეკლესიურ და ეროვნულ ტრადიციებს.

ცარისტული ხელისუფლება მას უნდობლად უყურებდა. 1906 წელს მისი ბოდბიდან გადაყვანა დააპირეს, მოგვიანებით კი პედაგოგიური საქმიანობაც აუკრძალეს. მიუხედავად მრავალი წინააღმდეგობისა, მონასტრის დები და მორჩილები ერთხმად ითხოვდნენ მის დარჩენას, რადგან მასში ხედავდნენ სულიერ დედასა და ბრძენ ხელმძღვანელს.

1907 წელს, ილია ჭავჭავაძის მკვლელობიდან რამდენიმე თვის შემდეგ, ბოდბისკენ მიმავალ გზაზე შეიარაღებული თავდამსხმელები თავს დაესხნენ ეკიპაჟს, რომელშიც იღუმენია იუვენალია თანამგზავრებთან ერთად იმყოფებოდა. თავდასხმის შედეგად დაიღუპნენ ცხენები და დაცვის წევრები, ეკიპაჟი ტყვიებით დაიცხრილა, თუმცა შიგ მყოფები სასწაულებრივად გადარჩნენ. თავად იღუმენია მიიჩნევდა, რომ თავდასხმის სამიზნე სწორედ იგი იყო.

ამ შემთხვევიდან მალევე რუსეთის სინოდმა იგი საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ მოსკოვში გადაიყვანა და პოკროვის საზოგადოების წინამძღვრად დანიშნა. სამშობლოსგან მოშორებულმა მონაზონმა რუსეთში განაგრძო მოღვაწეობა და მოგვიანებით ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კურთხევით დააარსა სერაფიმე-ზნამენსკის განდეგილ დედათა სავანე, რომელიც განსაკუთრებული სულიერი ცენტრი გახდა.

1915 წლის 21 სექტემბერს იგი დიდ სქემაში აღიკვეცა და სქიმიღუმენია თამარის სახელი მიიღო. მისი მოღვაწეობა ბოლშევიკური დევნის მძიმე წლებში გაგრძელდა. 1931 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ იგი დააპატიმრა. ბრალად დასდეს ანტისაბჭოთა განწყობების მხარდაჭერა და გლეხებისადმი თანაგრძნობა. სასამართლოს გადაწყვეტილებით სქიმიღუმენია თამარი ციმბირში გადაასახლეს.

გადასახლებაში მან მძიმე დაავადება – ყელის ტუბერკულოზი გადაიტანა, თუმცა სულიერი სიმტკიცე ბოლომდე შეინარჩუნა. მოგვიანებით მას მოსკოვის მახლობლად ცხოვრების უფლება მისცეს, სადაც სიცოცხლის უკანასკნელი წლები გაატარა.

სქიმიღუმენია თამარი 1936 წლის 23 ივნისს (ახალი სტილით) გარდაიცვალა 67 წლის ასაკში. იგი დაკრძალულია მოსკოვის ვედენის სასაფლაოზე.

მისი თანამედროვეები დედა თამარს განსაკუთრებული სულიერი ძალის, სიყვარულისა და სითბოს მქონე ადამიანად ახასიათებდნენ. მონაზონი სერაფიმა (ოსორგინა) წერდა, რომ მის მზერაში საოცარი სიყვარული და ყურადღება იკითხებოდა, ხოლო მის პიროვნებაში ერთდროულად იგრძნობოდა სიმტკიცე, თავმდაბლობა და ღრმა სულიერება.

წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, 2016 წლის 22 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ სქიმიღუმენია თამარი წმინდანად შერაცხა და უწოდა ღირსი თამარ აღმსარებელი. მის ხსენების დღედ დადგინდა 10 (23) ივნისი.

დღეს ღირსი თამარ აღმსარებელი საქართველოს ეკლესიის ერთ-ერთი გამორჩეული წმინდანია, რომლის ცხოვრება და ღვაწლი რწმენის, ეროვნული თვითშეგნების, მონაზვნური თავდადებისა და ქრისტეს სიყვარულის ნათელ მაგალითად რჩება. 

ადრე მართლმადეიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ მართლმადიდებელი ეკლესია 22 ივნისს წმიდა კირილე ალექსანდრიელის ხსენებას აღნიშნავს.

 

წაიკითხეთ ასევე

რუმინეთში წმინდა გაბრიელ აღმსარებლის სახელობის ახალი ტაძარი შენდება

ტაძრის საძირკვლის ქვა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ და რამინკუ-ვილჩას მთავარეპისკოპოსმა ვარსანოფიმ აკურთხეს.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია საქართველოს საპატრიარქოს ეწვია

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ რუსეთის ეკლესიის წარმომადგენლებს უმასპინძლა — შეხვედრაზე ქვეყნებს შორის ურთიერთობებსა და მტკივნეულ რეგიონებში ეკლესიის მრევლთან კავშირის საკითხებზე იმსჯელეს.

,,დავითიანნი“ თბილისობის დღესასწაულს შეუერთდება

საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა „თბილისობა 2026“-ის ფარგლებში გუდიაშვილის მოედანზე ახალგაზრდების მონაწილეობით სადღესასწაულო კონცერტს გამართავს.

გიორგი ზვიადაძე: ირანის ელჩის განცხადება უკიდურესად მიუღებელია

პროტოპრესვიტერის განცხადებით, ქეთევან დედოფლის მოწამებრივი აღსასრული ეკლესიისთვის ცალსახა ისტორიული და სარწმუნოებრივი რეალობაა და საკითხზე საპატრიარქოს მხრიდან შეფასება აუცილებელია.

უკრაინაში პეტრესა და პავლეს ტაძარი რუსული დაბომბვის შედეგად მეოთხედ დაზიანდა

უკრაინის ქალაქ სუმის სასაფლაოზე ერთ-ერთი საჰაერო ბომბის ჩამოვარდნის შედეგად ეკლესიის ფასადი, სახურავი და ინტერიერი მნიშვნელოვნად დაზიანდა.

ღირებულებითი განათლების კოორდინატორების გადამზადება დაიწყო

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით, მონაწილეები ღირებულებითი განათლების მიმართულებით ცოდნასა და პრაქტიკულ უნარებს გაიღრმავებენ.