ლომისობის შესახებ დეტალური მსჯელობა

ლომისობა 2026
ვახუშტი ბატონიშვილი თავის ცნობილ წიგნში „აღწერა სამეფოჲსა საქართველოჲსა“-ში რამდენჯერმე ახსენებს ლომისას წმინდა გიორგის სალოცავს. კერძოდ, ქსნის ხეობის აღწერისას ისტორიკოსი აღნიშნავს: „ხოლო ალევის ჩდილოთ კერძ არს მთა მაღალი, ქსნისა და არაგვის წყალგამყოფი. ამ მთის თხემსა ზედა არს ეკლესია ლომისა, წმიდის გიორგისა, სასწაულთმოქმედი. ამას მოუვალს ქსნისა და არაგვის მცხოვრებნი, და უფროჲსად მთიულნი, რამეთუ სწამთ ესე ფრიად.“ ხოლო მთიულეთის აღწერისას შენიშნავს: „ხოლო მლეთას ზეით, დასავლეთით, არს მთა მაღალი, რომლისა თხემსა ზედა არს ეკლესია ლომისა წმიდის გიორგისა და არს საფიცარი მთიულთა ძლიერი, რამეთუ იტყვიან სასწაულთა მისთა მრავალთა.“
სალოცავის სახელი „ლომისა“ საკმაოდ ძველია. მკვლევარ-მეცნიერთა ერთი ნაწილის შეხედულებით, იგი ქრისტიანობამდელი, წარმართული ტერმინია და წმინდა გიორგის კულტს მოგვიანებით დაუკავშირდა. კერძოდ, სახელწოდება „ლომისა“ წარმომდგარია სიტყვა „ლომისაგან“ და თაყვანისცემა ამ ხატისა დაკავშირებული უნდა იყოს ტოტემისტურ შეხედულებასთან. ძველად მთიულებს, როგორც მონადირე ხალხს, ლომი, როგორც ძლიერი ნადირი, ღვთაებად მიაჩნდათ და მას ეთაყვანებოდნენ. მეორე ვერსიის მიხედვით, სახელწოდება „ლომისა“ წარმომდგარია ხარის სახელიდან. ლომისის გატაცებული ხატი ხორასნიდან უკან გამოუტანებიათ ერთი თეთრი ხარისთვის, რომელსაც სახელად „ლომა“ ერქვა. ხარს ხატი მლეთის მთაზე ამოუტანია და აქ სული დაულევია. ამ ადგილას აუშენებიათ ეკლესია და ხარის სახელზე უწოდებიათ - „ლომისა“.
ლომისობის შესახებ დეტალურ მსჯელობას ვხვდებით სერგი მაკალათიას მონოგრაფიაში „მთიულეთი“ (1930), სადაც მკვლევარი დაწვრილებით საუბრობს არა მხოლოდ ტაძარზე და მის აგებულებაზე, ასევე იმ წეს-ჩვეულებებსა და ტრადიციებზე, რომლებიც ლომისობის დღესასწაულს თან ახლდა. მისი თქმით: „მლეთის დასავლეთით აღმართულია მაღალი მთა, რომლის თხემზედაც დგას მთიულეთის უმთავრესი „ხატი“ - ლომისა. ლომისის სალოცავი წარმოადგენს ნატეხი ქვით ნაშენს, დაბალს და უსინათლო ეკლესიას. მას დასავლეთით მიშენებული აქვს სამრეკლო. ეკლესიას გარს აკრავს ნატეხი ქვისავე გალავანი, რომლის შიგნით რამდენიმე ქვის საჯდომია მოწყობილი ხევისბერთათვის. აქ არის აგრეთვე მცირე სადგომი ოთახი. ლომისის ეკლესიაში ინახება დიდი რკინის ჯაჭვი, რომელსაც ყელზე ჩამოსაცმელი რკინისავე საყელური აქვს. ამ ჯაჭვის შესახებ მლეთაში ამბობენ: ერთ დროს ლომისის წმ. გიორგის უხსნია ერთი ტყვე, რომელსაც აღთქმა დაუდვია: თუ სამშობლოში მშვიდობით დავბრუნდები, ამ ჩემს სატყვეო ჯაჭვს მლეთის მთაზე საკუთარი კისრით ამოვიტანო. ტყვეს აღთქმა შეუსრულებია და ეს ჯაჭვი ლომისის მთაზე ამოუტანია. დღესაც მლოცველები, რომელთაც რაიმე აღთქმა აქვთ დადებული, ამ ჯაჭვს კისერზე იდგამენ და სალოცავს სამჯერ გარს უვლიან.“ ცნობილი ისტორიკოსი დღესასწაულის მასშტაბურობაზეც ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს: „ლომისობა მთიულეთის უდიდესი დღეობაა. აქ იკრიბება მთელი მთიულეთი, გუდამაყარი, ხევი, ქსნის ხეობა და ერწო-თიანეთი. მლოცველები მლეთაში იწყებენ მოგროვებას სამშაბათიდანვე. მთელი მლეთის ჭალა და ეკლესიის ეზო აჭრელებულია აურაცხელი ხალხით, ურმებითა და კარვებით...“
ლომისას სალოცავს „უზენაესი მოსამართლის“ ფუნქციაც ჰქონდა.
იგივე სერგი მაკალათიას აღწერით: თუ მთაში ორ გვარს ან თემს შორის მოხდებოდა მძიმე დავა (მიწის, მკვლელობის ან მოპარვის გამო), რომელსაც ჩვეულებრივი ადათობრივი სამართლით ვერ აგვარებდნენ, საქმე ლომისის სალოცავში მიჰქონდათ. ხევისბერები მხარეებს ლომისის ხატზე აფიცებდნენ. მეცნიერი აღნიშნავს, რომ „ლომისის რისხვის შიშით“ ტყუილს ვერავინ ბედავდა და საქმე ყოველთვის მშვიდობიანი მორიგებით მთავრდებოდა. ლომისას ჰყავდა თავისი „უხუცესი დეკანოზი“ (ხევისბერი) და „დასტურები“ (თანაშემწეები). მაკალათია აღწერს, როგორ გადადიოდა ხევისბერობა მემკვიდრეობით კონკრეტულ საგვარეულოებში (მაგალითად, ბექაურებში) და როგორ ასრულებდნენ ისინი ლოცვებს, საკლავის კურთხევასა და თემის განკითხვას.
ლომისობის დღესასწაული დღემდე რჩება ერთ-ერთ მნიშვნელოვან საეკლესიო და საერო დღესასწაულად. ეს დღე წარმოადგენს ერთგვარ სინთეზს წმინდა გიორგის სახელზე აგებული ტაძრის დღესასწაულისა და საერო-სახალხო ტრადიციებისა. ლომისობის დღესასწაულზე ცხოველთშეწირვის (ძირითადად ცხვრის) ტრადიცია ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი თემაა. აქ ერთმანეთს უპირისპირდება მთის უძველესი, საუკუნოვანი ადათ-წესი და ოფიციალური ქრისტიანული პოზიცია. ქრისტიანობამდე მთის რელიგიურ სისტემაში მსხვერპლშეწირვა უზენაესი რიტუალი იყო - ღვთაების გულის მოგების, მადლიერების, ბარაქის გამოთხოვის ან ცოდვების გამოსყიდვის გზა. IV საუკუნეში, როდესაც მთაში ქრისტიანობა გავრცელდა, მოსახლეობამ ახალი რწმენა შეიძინა, თუმცა ძველი, სისხლიანი რიტუალები მაინც ვერ დათმო. შედეგად, მოხდა სინკრეტიზმი (ქრისტიანული ლიტურგიკული წესის და წარმართული ადათის შერწყმა): წარმართულ სალოცავებს წმინდანების (განსაკუთრებით წმინდა გიორგის) სახელები ეწოდა, მაგრამ მსხვერპლის შეწირვის ფორმა უცვლელი დარჩა. მთის ადამიანის ცნობიერებაში „აღთქმის შესრულება“ (თუ შვილი შეეძინებოდა, ავადმყოფობას გადაურჩებოდა ან ომიდან მშვიდობით დაბრუნდებოდა) პირდაპირ კავშირში იყო სალოცავში ცხოველის მიყვანასთან. ეკლესიის პოზიცია ამ საკითხთან მიმართებით ცალსახად უარყოფითია. ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ სისხლიანი მსხვერპლშეწირვა ქრისტიანობისთვის აბსოლუტურად მიუღებელია.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ლომისობის დღესასწაულს უკავშირდება არის ტაძრის ადგილმდებარეობა საოკუპაციო „საზღვართან“. ლომისის ტაძარი ქედის თხემზეა აღმართული. მისი ცალკეული დამხმარე ნაგებობები თუ მიმდებარე ტერიტორიის ნაწილი ფაქტობრივად ესაზღვრება საოკუპაციო რეჟიმის მიერ კონტროლირებად ზონას. ლომისობის დღესასწაულზე მთაზე ათასობით ადამიანი ადის. ნისლის, რთული რელიეფის ან უბრალოდ ტერიტორიის არცოდნის გამო, არსებობს საფრთხე, რომ მომლოცველმა რამდენიმე მეტრით გადააბიჯოს პირობით ხაზს. რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ამ პერიოდში განსაკუთრებით აქტიურდებიან. შესაბამისად, ყოველ წელს არსებობს საქართველოს მოქალაქეების „საზღვრის უკანონო გადაკვეთის“ ბრალდებით დაკავებისა და ცხინვალის იზოლატორში გადაყვანის სერიოზული რისკი. ამის გამო, მთაზე, სალოცავის პერიმეტრზე, მობილიზებულნი არიან ქართველი სამართალდამცველები. პროცესში მუდმივად ჩართულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, რომელიც ცხელი ხაზის მეშვეობით აკონტროლებს ვითარებას, რათა თავიდან იქნეს აცილებული ნებისმიერი ტიპის პროვოკაცია ან ინციდენტი საოკუპაციო ძალების მხრიდან.
მიუხედავად, რთული გეოგრაფიული მდებარეობისა, გრძელი და დამღლელი მარშრუტისა, საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან პროვოკაციებისა, ხალხი მაინც უდიდესი რწმენით, სასოებით და სიყვარულით მიუყვება იმ აღმართს, რომელსაც ისინი მთის წვერზე, ღმერთისა და ადამიანის შეხვედრის ადგილას, ლომისის ტაძარში მიჰყავს.
წაიკითხეთ ასევე
„სურამისა ციხეო, სურვილითა გნახეო, ჩემი ზურაბ მანდ არის, კარგად შემინახეო“
სურამის ციხე შიდა ქართლში, დაბა სურამში, კლდოვან გორაკზე მდებარეობს.
ხონოწმინდობა - დღესასწაული მთიან აჭარაში
საუკუნოვანი პაუზის შემდეგ, ხინოს ხეობაში სასულიერო ცხოვრების აღდგენის იდეა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტს, მეუფე დიმიტრის უკავშირდება.
ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის ეკლესია
ბეთლემის აღმართზე მდებარე ტაძარი XVIII საუკუნიდან იღებს სათავეს და დღეს თბილისის ერთ-ერთ გამორჩეულ ისტორიულ და არქიტექტურულ ძეგლს წარმოადგენს.
ბათუმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი
ბათუმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი ქალაქის ერთ-ერთი გამორჩეული ისტორიული და სულიერი ძეგლია.
საქართველოს მატიანე
თემქაზე, ყეენის მთაზე აღმართული გრანდიოზული მონუმენტი საქართველოს ისტორიის, სარწმუნოებისა და კულტურული მემკვიდრეობის უნიკალურ ამბავს გვიყვება.
ციხისჯვარის წმინდა გაბრიელის სახელობის ეკლესია
ტოპონიმი ორი ქართული სიტყვის, „ციხისა“ და „ჯვრის“ გაერთიანებით არის მიღებული.