საქართველოს 142-ე პატრიარქად არჩევა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო lll. ფოტო: მჟკ
2026 წლის 11 მაისს ჩატარდა რიგით 14-ე საეკლესიო კრება, რომელზეც გამორჩეულ იქნა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი მამამთავარი, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო lll (მუჯირი). ინტრონიზაცია შედგება ხვალ, 12 მაისს, წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს.
ბიოგრაფია
სენაკისა და ჩხოროწყუს, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მიტროპოლიტი, პატრიარქის ტახტის მოსაყდრე მეუფე შიო (მუჯირი), ერისკაცობაში – ელიზბარ თეიმურაზის ძე მუჯირი დაიბადა: 1969 წლის 1 თებერვალს, ქ. თბილისში. დედა- ნანა ქურდიანი, მამა-თეიმურაზ მუჯირი. დაამთავრა თბილისის 53-ე საშუალო სკოლა. 1988 წლიდან, ელიზბარ მუჯირმა სწავლა გააგრძელა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ვიოლონჩელოს კლასში. კონსერვატორიის პირველ კურსზე მან გაიმარჯვა ვიოლონჩელისტების პირველ რესპუბლიკურ კონკურსზე .
სასულიერი ცხოვრების დასაწყისი
1991 წელს ელიზბარ მუჯირი მორჩილად დაემკვიდრა შიომღვიმის მონასტერში. 1993 წელს, 5 თებერვალს, მორჩილი ელიზბარი აღკვეცეს ბერად და უწოდეს სახელად შიო. იგი დადგენილ იქნა მონასტრის ტრაპეზრად, შემდეგ - ეკონომოსად.
1995 წელს ბერი შიო დიაკვნად აკურთხეს, 1996 წელს უწმიდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ბერ-დიაკონი შიო მღვდლად აკურთხა.
1997 წელს მღვდელმონაზონი შიო დაინიშნა თბილისის კლდისუბნის წმიდა გიორგის ეკლესიის წინამძღვრად. 1998 წელს მან დაამთავრა ბათუმის იოანე ღვთისმეტყველის სახელობის სასულიერო სემინარია და სწავლა მოსკოვის სასულიერო აკადემიის დაუსწრებელ განყოფილებაზე გააგრძელა. 1998 წლის 3 აპრილს მღვდელმონაზონ შიოს მიენიჭა იღუმენის წოდება ოქროს ჯვრის ტარების უფლებით და დაადგინეს ილია წინასწარმეტყველის ტაძრის წინამძღვრად. 1999 წლის 6 მარტიდან იღუმენი შიო თბილისის ანჩისხატის ტაძრის ღვთისმსახურია. იმავე წლის 20 სექტემბრიდან ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარია. 2001 წლის ოქტომბრიდან იგი მოსკოვის ქართველთა სათვისტომოს წმიდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარია, პარალელურად სწავლობდა მოსკოვის წმიდა ტიხონის საღვთისმეტყველო ინსტიტუტში.
ახლადშექმნილი სენაკისა და ჩხოროწყუის ეპარქიის წინამძღოლად არჩევა
2003 წლის 18 აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა (ურბნისი) იღუმენი შიო გამოარჩია ახლადშექმნილი სენაკისა და ჩხოროწყუის ეპარქიის წინამძღოლად.
სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქია
სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქია დასავლეთ საქართველოში, ისტორიული კოლხეთის სამეფოში, მდინარე რიონსა და ეგრისწყალს შორის არსებულ ტერიტორიაზე – ოდიშის დაბლობზე მდებარეობს. იგი მოიცავს სამეგრელოს ქალაქებს – სენაკს, ჩხოროწყუს და მათ მიმდებარე ტერიტორიას.
სენაკისა და ჩხოროწყუს სამღვდელმთავროს აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ჭყონდიდის, დასავლეთიდან – ზუგდიდისა და ცაიშის, ფოთისა და ხობის, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან – ცაგერისა და ლენტეხის, ჩრდილო-დასავლეთიდან – მესტიისა და ზემო სვანეთის, სამხრეთიდან – შემოქმედის ეპარქიები.
ეპარქიის სამწყსო ტერიტორია განფენილია მდინარეების ხობისწყლისა და ტეხურის შუა დინების, და ნაწილობრივ, მდინარე რიონის აუზებზე, რაც ძველი ქართული სამეფოს ეგრისის, იმავე ლაზიკის ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენს.
საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ ეს მხარე 1823 წ. ჩამოყალიბებულ სამეგრელოს ეპარქიაში იყო გაერთიანებული. 1874 წ. მაისის თვეში რუსეთის ეკლესიის წმიდა სინოდის განჩინებით გაუქმებული სამეგრელოს ეპარქია იმერეთის ეპარქიას მიუერთეს, ხოლო 1885 წლიდან შექმნილი გურია-სამეგრელოს ეპარქია სენაკისა და ჩხოროწყუს ტერიტორიებსაც აერთიანებდა.
1917 წ. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ განახლდა ჭყონდიდის ეპარქია, რომელიც მთლიანად მოიცავდა სამეგრელოს ტერიტორიას. 1995 წელს საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით ჭყონდიდის ეპარქიის საფუძველზე, მის ტერიტორიული გაყოფის შედეგად, აღდგა ძველი სამღვდელმთავროები: ზუგდიდისა და ცაიშის, ფოთისა და სენაკის, და საკუთრივ ჭყონდიდისა. 2003 წ. 18 აგვისტოს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის კრების განჩინებით, ჭყონდიდისა და ფოთი-სენაკის ეპარქიათა ხელახალი ტერიტორიული გადანაწილების საფუძველზე ჩამოყალიბდა სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქია. ახალდაარსებული ეპარქიის საჭეთმპყრობლად წმიდა სინოდმა გამოარჩია არქიმანდრიტი შიო მუჯირი.
2007 წლის 25 დეკემბერს ეპისკოპოსი შიო დაჯილდოვდა წმიდა გიორგის ორდენით. 2009 წელს ეპისკოპოსი შიო აღყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის ხარისხში.
2010 წლის 2 აგვისტოს დაინიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრედ დანიშვნა
2017 წლის 23 ნოემბერს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა ილია მეორემ ტახტის მოსაყდრედ მიტროპოლიტი შიო დანიშნა.
2018 წლის 21 ივნისს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომაზე დაჯილდოვდა ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით.
წაიკითხეთ ასევე
ცხოველსმყოფელი ჯვრის თაყვანისცემა მართლმადიდებლურ ტრადიციაში
მართლმადიდებელ ეკლესიაში - ლიტურგიკულ ცხოვრებასა და დოგმატურ აზროვნებაში - ჯვარი ცენტრალურ ადგილს იკავებს.
შობა ყოვლადწმიდისა დედუფლისა ჩვენისა ღვთისმშობელისა
მდიდარი, მაგრამ უშვილო იოაკიმე ყოველწლიურად ორმაგ მსხვერპლს სწირავდა უფალს. ერთ-ერთ დღესასწაულზე, როცა ებრაელები იერუსალიმის ტაძარში მსხვერპლშეწირვისთვის ემზადებოდნენ, მათ უარი უთხრეს იოაკიმეს პირველს შეეწირა მსხვერპლი, მიზეზად კი იოაკიმესა და ანას უშვილობა წამოაძახეს.
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სარტყელის დადების დღესასწაული
საეკლესიო გადმოცემის თანახმად, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა სარტყელი საკუთარი ხელით, აქლემის ბეწვისაგან მოქსოვა.
საეკლესიო ახალი წელი - ინდიქტიონი
სიტყვა „ინდიქტიონი“, ლათინური სიტყვაა და სათავეს იღებს რომის იმპერიიდან.
საქართველოს ეკლესიის როლი დემოგრაფიული პრობლემის გადაჭრის საქმეში
წმინდა იოანე ოქროპირი განსაკუთრებით უსვამდა ხაზს იმას, რომ მთავარი მხოლოდ ბავშვის შობა კი არ არის, არამედ მისი სულიერად ჩამოყალიბება.
იერუსალიმში ღვთისმშობლის სუდარის გადასვენების ტრადიციული მსახურება აღესრულა
პროცესია სრულდება იერუსალიმის წმინდა ადგილების კონკრეტულ გეოგრაფიულ არეალში.